
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ სადამფუძნებლო ყრილობა გამართა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ 1 დეკემბერს სადამფუძნებლო ყრილობა გამართა და პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა.
ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია იმეორებს და აძლიერებს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ რიტორიკას, „ნეიტრალიტეტის“ მომხრეა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. მან უკვე არაერთხელ მოითხოვა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.
ყრილობაზე გამოსვლისას, მოძრაობის ლიდერმა ვატო შაქარაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური სფეროს აგენტებისგან გათავისუფლების პროცესი იწყება. მისი თქმით, საქართველო აგრძელებს „ევროილუზიაში“ ცხოვრებას. მან კონსტიტუციის 78-ე მუხლიც გააკრიტიკა, რომელშიც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებაა ასახული და მის კონსტიტუციაში შეტანას აბსურდი უწოდა.
„თუ ჩვენ ევროილუზიაში ყოფნას გავაგრძელებთ, ადრე თუ გვიან, ვაშინგტონი და ბრიუსელი კვლავ შეძლებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანას“, – გააფრთხილა მან.
შაქარაშვილმა პირობა დადო, რომ პარტია 2028 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი.
This post is also available in: English