ახალი ამბები

პრესის საერთაშორისო ჯგუფები თბილისში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფონზე სასწრაფო ქმედებისკენ მოუწოდებენ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მკაცრად გმობენ საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას.

Mapping Media Freedom-ის პლატფორმაზე დაყრდნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პოლიციის მიერ პრო-ევროპული აქციის დარბევისას, მედიის სულ ცოტა 50 მუშაკს ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ ან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზარალებულთაგან ბევრი იყო დაკავშირებული დამოუკიდებელ ან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებთან და ამის მაგალითად ალექსანდრე კეშელაშვილის (Publika.ge), ანა მსხალაძისა (Publika.ge) და ბექა ბერაძის (რადიო თავისუფლება) შემთხვევები მოყავს.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა, როგორც ეს რადიო თავისუფლების და ტელეკომპანია „ფორმულას“ კადრებშია ნაჩვენები. მან მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მარიამ გაფრინდაშვილის (ტვ პირველი) საქმესაც შეეხნენ. „ტვ პირველის საგამოძიებო ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა თავდასხმის შემდეგ თავის ტრავმა მიიღო და სუნთქვის გაძნელების პრობლემა შეექმნა, მან დროებით დაკარგა გონება და 24-საათიანი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა“.

„თავდასხმის სამიზნეები ასევე გახდნენ სხვა ჟურნალისტები და ოპერატორები ისეთი მედია საშუალებებიდან, როგორიცაა Netgazeti.ge, OC Media, მთავარი არხი, JAMNews და სხვა. სამიზნე ჟურნალისტების სიაში ასევე მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედია ორგანიზაციები ხაზს უსვამენ ჟურნალისტების მიმართ მტრული განწყობის არსებობას და აღნიშნავენ, რომ მსგავს ინციდენტებს მიმდინარე წლის დასაწყისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროსას ჰქონდა ადგილი. ისინი კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას ქართველ ჟურნალისტებს და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მოითხოვოს ქმედება ქვეყანაში მედიის თავისუფლების დასაცავად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button