ბორელი: საქართველოში მისია გაიგზავნება, ოდირის ხელმძღვანელი წევრ ქვეყნებს არჩევნების შეფასებას წარუდგენს
18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში მისია გაიგზავნება 26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების საკითხის შესაფასებლად. მან ასევე განაცხადა, რომ ოდირის ხელმძღვანელს საქართველოში წევრი ქვეყნები მოიწვევენ, რათა წარმოადგინოს თავისი შეფასება არჩევნებში მომხდარი დარღვევების შესახებ. ბორელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნების გამოძიების საჭიროებას.
უმაღლესმა წარმომადგენელმა გაიმეორა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებამ დაადასტურა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას ჩამოაშორეს, ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ. „ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით“, – განაცხადა ბორელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წევრ ქვეყანას სურს, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას ძალისხმევა დასჭირდება. „საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს, [ის] ვერ შეძლებს ევროპულ გზაზე წინსვლას სერიოზული ცვლილებების გარეშე“, – განაცხადა ბორელმა.
მან ქართველ ხალხსაც მიმართა: „ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების კურსი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობისა და ძირითადი პრინციპების პატივისცემას, მათ შორის, არჩევნების ჩატარების ფორმას, აშორებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან“.
საქართველოზე საუბრისას ბორელს არაფერი უთქვამს ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/11/2024 – ევროკომისია ცხრა ნაბიჯის განხორციელებას აფასებს, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები კი საქართველოზე იმსჯელებენ
- 12/11/2024 – ბორელი: „საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რათა კვლავ განიხილებოდეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)