მმართველი პარტია ევროპელი დეპუტატების დელეგაციის ვიზიტს ეხმიანება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უარი თქვეს ევროკავშირის რვა ქვეყნის წარმომადგენელი დეპუტატების დელეგაციასთან შეხვედრაზე და განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი, ძირითადად, ოპოზიციის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად და, შესაბამისად, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენდა.
გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, შვედეთისა და ფინეთის მაღალი რანგის დეპუტატების ერთდღიანი ვიზიტი 26 ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შედგა.
დელეგაციის შეხვედრების დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტია არ შეხვდება ევროპელ პარლამენტარებს და ამის მიზეზად „დელეგაციის ზოგიერთი წევრის“ მიერ „მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვა და ოპოზიციის მხარდაჭერა“ დასახელდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პაპუაშვილის პოზიცია გაიზიარეს მმართველი პარტიის სხვა ლიდერებმა და დეპუტატებმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბაქოში იმყოფებოდა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, როდესაც ევროპული დელეგაცია თბილისს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ვიზიტის სულისკვეთება „სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“. მან დელეგაციის „ზოგიერთი წევრი“ საქართველოს საარჩევნო კამპანიაში ჩარევასა და საარჩევნო პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მათთან შეხვედრაზე უარი. „ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ“, – დასძინა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბაქოდან განაცხადა, რომ ის სრულად იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის პათოსს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პარტნიორები ადრე თუ გვიან მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპიის მიკერძოებული დამოკიდებულება და მსგავსი ტიპის უპატივისცემლობა, რომელსაც ხშირად ვხედავთ და გვესმის, არის მიუღებელი ჩვენთვის“, – განაცხადა მან.
მართალია დელეგაცია კონკრეტულად არ უხსენებია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები საქართველოში და მათი წამქეზებლები ითხოვენ, რომ სასწრაფოდ გამოიგონონ ისეთი “საერთაშორისო” მექანიზმი, რომელიც აიძულებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ქართულ ოცნებას აჩუქოს მათ ხელისუფლება… სადმე “common sense” თუ არის შემორჩენილი, ამ ხალხს შველა ჭირდება“. მისი პოსტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციასთან დელეგაციის შეხვედრებს მოყვა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძე, ევროპელ მაღალჩინოსნებს „უსაქმური ადამიანები“ უწოდა, რომლებმაც, მისი აზრით, ქვეყნიდან ქვეყანაში ჩასვლის ნაცვლად, ურჩევნიათ იმუშაონ. კალაძის თქმით, ისინი პატივს არ სცემენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, რომელიც საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ დამცინავი და დამამცირებელი განცხადებებითაა ცნობილი, გააფრთხილა: „არ დამარეკინოთ ტრამპთან! ეს ჟიგიმანტასები და როთები, მიბრძანდით თქვენს სახელმწიფოებში და მიხედეთ თქვენს ქვეყანას, თუ დასჭირდებით“. ზარქუამ განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო „უსამშობლოების“ მხარდაჭერა. მას ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი ჰყავდა მხედველობაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე უარს აცხადებენ.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს, რომელიც გუშინდელი დელეგაციის წევრი იყო, წინასაარჩევნო პერიოდში, 16 და 17 სექტემბერს წინა ვიზიტის დროსაც უთხრა მთავრობამ შეხვედრებზე უარი.
მანამდე, 4-6 სექტემბერს, როდესაც საქართველოს ბუნდესტაგის დელეგაცია სტუმრობდა, მათ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს „დრო არ ჰქონდათ“ მათთან შესახვედრად და მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გამონახა დრო შეხვედრისთვის.
ლიეტუვის წარმომადგენელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმის შესახებ პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ ეს არის „საბჭოური“, როცა ხელისუფლება თავის კრიტიკოსებს არ ხვდება. „ეს ტენდენცია ჯერ კიდევ სამი თუ ოთხი წლის წინ შევნიშნე: ვინც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, მას არც ხვდებიან“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)