პარლამენტის თავმჯდომარე გმობს ევროპელი დეპუტატების ვიზიტს და შეხვედრაზე უარს აცხადებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების ვიზიტს გამოეხმაურა, დაგმო ვიზიტი და განაცხადა, რომ უარი თქვა მათთან შეხვედრაზე და ამის მიზეზად „დელეგაციის ზოგიერთი წევრის“ მიერ „მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვა და ოპოზიციის მხარდაჭერა“ დაასახელა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის კანონმდებლების დელეგაცია თბილისში 11 ნოემბერს ჩამოვიდა.
პაპუაშვილმა თავის X-ის (Twitter) გვერდზე დაწერა, რომ დელეგაციამ მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, თუმცა აღნიშნა, რომ „ნამდვილად გამაკვირვა დელეგაციის ზოგიერთი წევრის განზრახვამ, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საპარლამენტო ხელმძღვანელობას, მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულებისა“.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა“ და დასძინა, რომ დელეგაციის ზოგიერთი წევრი „მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით… საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას, რაც უხეშად იყო უგულებელყოფილი“.
მან ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უცხოელი აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდა, და განაცხადა, რომ მათ „ეჭვქვეშ დააყენეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის არსი, რომლისადმი პატივისცემას, როგორც სჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ“.
პაპუაშვილის თქმით, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ასეთი იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ წარმოებული კამპანიაც, რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა“. მისივე თქმით, „რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ასეთი ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერამ, საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯი შელახა, და ამასთან შეარყია ჩვენი მოსახლეობის ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობის მიმართ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღიშნა, რომ საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ დელეგაციის „ზოგიერთი წევრის“ რიტორიკა და ქმედებები „ხელს უშლის საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე მიმართულ ჩვენს ძალისხმევას“. „შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე“, – დასძინა მან.
„26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. „არჩევნების უარყოფა და ამომრჩეველთა ასეთი ძლიერი ხმის იგნორირება ის გზაა, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში მიჰყვება და რასაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია. თუმცა, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს“.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება“, – განაცხადა პაპუაშშვილმა და ამავდროულად, პატივისცემა გამოხატა „დელეგაციის სხვა წევრების მიმართ“ და დაადასტურა „დიალოგის გაგრძელების მზაობა საპარლამენტო დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების ფარგლებში, თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე“.
მასალის მომზადებიას ცნობილი გახდა, რომ დელეგაციის წევრები 11 ნოემბერს, 19:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)