გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი 16-17 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს. თბილისიდან იგი სომხეთში გაემგზავრება.
მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს. საქართველოში ვიზიტამდე მან ტვიტერზე დაწერა: „მივემგზავრები თბილისში! არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია. ანტილგბტ კანონმდებლობა არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიას. მთავარია დიალოგი. გერმანია და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას“.
სახელისუფლებო არხების, მათ შორის „იმედის“, POSTV-ისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, თბილისის აეროპორტში მიხაელ როთს დახვდნენ და საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. საუბარია როთის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ეკლესია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა“. სახელისუფლებო მედია მისი პირადი ცხოვრების გამოც შეეცადა მის დისკრედიტაციას.
16 სექტემბერს მიხაელ როთი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მედეგი დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისა და ინსპირაციული მუშაობისთვის. უცხოელი აგენტების კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურისთვის საწამლავია და ამიტომაც უნდა გაუქმდეს“, – დაწერა როთმა ტვიტერზე.
იმავე დღეს მიხაელ როთი ქვიარ ორგანიზაციების აქტივისტებსა და წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის თბილისი პრაიდიდან, თანასწორობის მოძრაობიდან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან, ასევე ონლაინ OC Media-დან.
„საქართველოს აქვს მრავალფეროვნებისა და უმცირესობების პატივისცემის საამაყო ისტორია. სწორედ ეს მემკვიდრეობაა, რის გამოც საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ანტი-ლგბტქ კანონი + სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილი არის დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს უნდა შეწყდეს. მადლობა ყველა მამაც უფლებადამცველს და ლგბტქ აქტივისტს“, – დაწერა როთმა ტვიტერზე.
16 სექტემბერს მიხაელ როთი ასევე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ანა დოლიძეს და ლევან ცუცქირიძეს კოალიციიდან „ძლიერი საქართველო“, ზურაბ ჭიაბერაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ელენე ხოშტარიას კოალიციიდან ცვლილებისთვის.
„ძლიერი ოპოზიციის გარეშე, ყველა დემოკრატია კვდება. მე არ ვარ საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ხელი შევუწყო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიებს, თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, რათა თბილისი კვლავ გახდეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქი“, – დაწერა მიხაელ როთმა ტვიტერზე.
მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა, ორი კვირის წინ, ხელისუფლებამ თბილისში მყოფ ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ აღნიშნა, რომ ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრა „არ არის მიზანშეწონილი“ და მან მიხაელ როთი ახსენა, რომელიც, კობახიძის თქმით, „ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში“. მიხაელ როთი მაშინდელი დელეგაციის წევრი არ ყოფილა. უცნობია, შეხვდებიან თუ არა ოფიციალური პირები როთს მიმდინარე ვიზიტის დროს.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 10/04/2024 – მიხაელ როთი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის წევრობასთან „შეუთავსებელია“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)