ბუნდესტაგის დელეგაცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრის დრო არ ჰქონდათ
4-6 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენელთა დელეგაცია საქართველოს ეწვია. დელეგაციაში შედიოდნენ დებორა დიურინგი ალიანსი 90/მწვანეებიდან, იურგენ ჰარდტი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან (CDU), ულრიხ ლეხტე თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან და ნილს შმიდი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD).
სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობის არც ერთი წევრი არ შეხვდა გერმანულ დელეგაციას. მათ მიზეზად მოუცლელობა დაასახელეს. „ქართული ოცნებიდან“ გერმანიის დელეგაციას მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. დელეგაცია ასევე შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის, ადგილობრივი ანალიტიკური ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ვიზიტი პრესკონფერენციით დაასრულა.
6 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნილს შმიდმა დელეგაციის „განსაკუთრებულ“ შემადგენლობას გაუსვა ხაზი, რომელიც წარმოადგენდა გერმანიის ბუნდესტაგის ოთხ სხვადასხვა პარტიას, და აღნიშნა, რომ ეს აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, ლიეტუვაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და ძალიან გვაწუხებს საქართველოს ევროპული მომავალი“.
შმიდმა დელეგაციის ორი ძირითადი გზავნილი გააჟღერა:
1. „ჩვენ ველით, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა შმიდმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში „გადამწყვეტია“ საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროპული გზის მომავლისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები ოქტომბრის ბოლოს“.
2. „ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით, არ არსებობს გზა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა შმიდმა და აღნიშნა, რომ ეს ნათელი გახდა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ინტეგრაციის პროცესი. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, არც თავად გერმანიის ბუნდესტაგი დაუჭერს მხარს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. „საჭიროა საშინაო პოლიტიკის ყოვლისმომცველი განახლება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების უზენაესობის მიმართ“, – განაცხადა მან. შმიდმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას და დასძინა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმება არაოფიციალური მეათე ნაბიჯი იქნება.
იურგენ ჰარდტმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან განაცხადა, რომ მიუხედავად გერმანიაში მოახლოებული ფედერალური არჩევნებისა, გერმანიის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ „არ იქნება კომპრომისები“ გაფართოებისადმი ევროკავშირის მიდგომის პრინციპებსა და სტანდარტებზე.
დებორა დიურინგმა ალიანსი 90/მწვანეებიდან აღნიშნა, რომ ადრე „საქართველო ლიდერი იყო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ ის ფსკერზე დაეცა“. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“.
ულრიხ ლეხტემ თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან სინანულით აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები არ შედგა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, „მათ ჩვენს მიღებაზე უარი თქვეს“. მან განმარტა, რომ დელეგაციამ ჯერ უმაღლეს დონეზე, შემდეგ კი მეორე და მესამე დონეებზე ითხოვა შეხვედრა, თუმცა „ჩვენთვის დრო არავის ჰქონდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ განრიგი დელეგაციის ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო ცნობილი.
ულრიხ ლეხტემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის „ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის“ და იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში „სრულიად მოქმედი დემოკრატია დამყრადება“.
ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტზე კომენტარი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 6 სექტემბერს ქუთაისში გააკეთეს, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრნენ.
„თქვენ ხედავთ, რომ მთავრობა და მე ვიმყოფებით ქუთაისში, ხოლო ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება თბილისში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მასაც სთხოვეს შეხვედრა, თუმცა დასძინა, რომ მისი შეხვედრა ბუნდესტაგის დელეგაციასთან „არ არის მიზანშეწონილი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის წევრი [მიხაელ როთი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე] ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე, პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლიციურ მცდელობაში“. კობახიძემ დასძინა: „ასეთი აქტები არის მიუღებელი. ამ ფონზე, ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი“.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად საქართველოს 13 მაისს ესტუმრა. ვიზიტის დასასრულს თავმჯდომარეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)