ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ
ევროკავშირის რვა ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, შვედეთი, ფინეთი) მაღალი რანგის დეპუტატები 11 ნოემბერს საქართველოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მათ პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. შეხვედრას ერთობლივი პრესკონფერენცია მოყვა. ასევე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
პრესკონფერენცია
ვიზიტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო, რასაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოყვა. პრესკონფერენცია პრეზიდენტმა გახსნა და დელეგაციის წევრები წარადგინა. „ისინი საქართველოს ერთგული მეგობრები არიან და პირველივე დღეებიდან გვერდში უდგანან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის ევროპულ გზას“. პრეზიდენტმა განაცხადა: „დღეს მათი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, კიდევ ერთხელ ევროპული მხარდაჭერის ნიშანია“.
პრეზიდენტის თქმით, „ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნების“ გამო საქართველო პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
„ჩვენი მეგობრები აქ არიან, რათა ჩვენთან ერთად გამონახონ და ერთად მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო ამ კრიზისიდან გამოვიდეს და გამოვა კიდეც რაღაც მომენტში და სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ახალი, ლეგიტიმური პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა: „ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენთ… ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს. ჩვენ აქ ვიმყოფებით საქართველოს ხალხის მეგობრების რანგში… ჩვენ არ ვართ აქ, იმისათვის, რომ რაღაც ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას“, – განაცხადა მან, რითიც დელეგაციის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მადისკრედიტებელ კამპანიას გამოეხმაურა.
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით აქ, რადგან ძალზე შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნებითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით“, – განაცხადა როთმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები „არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“ და არჩევნების დღეს გამოვლენილ სხვადასხვა სავარაუდო დარღვევებზე ისაუბრა. „უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი, მიდიოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები გააჩინა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს მასმედიის განცხადებებმა“, – განაცხადა მან.
როთმა განაცხადა, რომ დელეგაცია „სრულად უჭერს მხარს“ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მოწოდებას არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ. მისი თქმით, თუ ასეთ დამოუკიდებელ გამოძიებას ვერ უზრუნველყოფს ქართული ორგანო, მაშინ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანოები, როგორიცაა ევროპის საბჭო, ეუთო და ევროკავშირი „უნდა ჩაერთონ“.
„სანამ ამ საკითხებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ამ არჩევნებს ლეგიტიმურად ვერ აღიარებს“, – განაცხადა როთმა.
„თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათთვის, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე, უვიზო რეჟიმის შეწყვეტა… ჩვენ ყველა ინსტრუმენტი და დოკუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე“.
„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი აღიარებენ და აფასებენ ევროპულ ღირებულებებს: დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. თუ გაგრძელდება ანტიევროპული ტრაექტორია და არ მოხდება, მაგალითად, რუსული აგენტების კანონის გაუქმება და გაგრძელდება ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა, ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება“, – განაცხადა მან.
კითხვა–პასუხი
პრესკონფერენციას ადგილობრივ მედიასთან კითხვა-პასუხის სესია მოყვა. კითხვების დროს დელეგაციამ რამდენიმე საკითხი წამოაყენა, რომლებიც მიხაელ როთის გამოსვლისას არ იყო განხილული.
საქართველოსთან ევროკავშირის მომავალი ჩართულობის პერსპექტივების შესახებ დასმულ კითხვაზე მიხაელ როთმა განაცხადა: „მე გაგრძელების რაიმე შანსს ვერ ვხედავ, თუ აქ, საქართველოში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ექნება ადგილი… გპირდებით, ჩვენ არ დავუბრუნდებით ჩვეულ საქმიანობას. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს“.
როთს ასევე სთხოვეს შეეფასებინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. მან განაცხადა: „ევროკავშირის ინსტიტუტებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს: როდესაც ის თბილისს ეწვია, ის მხოლოდ უნგრეთის ან უნგრეთის მთავრობის სახელით საუბრობდა, მაგრამ არა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სახელით“. როთმა აღნიშნა, რომ ორბანმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა უნგრეთის თავმჯდომარეობა ევროპულ საბჭოში და ამას „სირცხვილი“ უწოდა.
ლიეტუვის წარმომადგენელს ჟიგიმანტას პავილიონისს სთხოვეს შეეფასებინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმის შესახებ. მან მოკლედ განაცხადა, რომ ეს არის „საბჭოური“, როცა ხელისუფლება თავის კრიტიკოსებს არ ხვდება. საფრანგეთის წარმომადგენელმა ფრედერიკ პეტიმ განაცხადა, რომ „სამწუხაროა“, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს განიხილოს საკითხები იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ ეთანხმება.
მიხაელ როთს ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსულ დეზინფორმაციულ პროპაგანდაზე „გლობალური ომის პარტიისა“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ. როთმა განაცხადა: „ცხადია, ოპოზიციამ აქ, თქვენს ქვეყანაში, სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ბევრ ქართველს სათანადო მიზეზების გამო ეშინია ომისა და აგრესიის, რადგან გლობალური ომის პარტია არსებობს. ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი“. მან დასძინა, რომ „სავსებით ესმის“, რომ ქართველ ხალხს ომის ეშინია. „ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ ეს შეშფოთება, რომელიც თქვენს საზოგადოებაში არსებობს. ომი სრული კატასტროფაა და ვფიქრობ, ამაზე უნდა ვისაუბროთ“. მან ასევე განაცხადა: ”ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია გლობალური ომის პარტიის – რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სანამ აქ ვართ“.
დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრისას, სავარაუდოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბნენ, რათა მისალმებოდნენ დელეგაციის წევრებს და მადლობა გადაეხადათ მათთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.
მოსალოდნელია, რომ დელეგაციის წევრები საღამოს დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
შეხვედრა ოპოზიციასთან
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრები ოპოზიციური პარტიები წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, აქცენტი არჩევნებზე, მისი გამოძიების პერსპექტივებსა და იმ შესაძლო ნაბიჯებზე გაკეთდა, რომლებიც ევროკავშირმა შეაძლოა გადადგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ.
„საუბარი შეეხებოდა მიმდინარე მოვლენებს, როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი, ოპოზიციის ცალკე და ერთიანად დამოკიდებულებები, მათთან კომუნიკაცია, რა საფრთხეებია, რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან და რა შეიძლება იყოს ამის ნეგატიური შედეგები, რაშიც საქართველო „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.
„ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ არის [არჩევნების შედეგების] საერთაშორისო გამოძიება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“. „ყველას კარგად ესმის რამდენად სისტემური იყო დარღვევები 26 ოქტომბრის არჩევნებზე და რომ მათი გამოძიება ქართული პროკურატურის მიერ ვერ მოხდება. არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, რომელიც საფუძვლად შეიძლება დაედოს ასეთ საგამოძიებო ინსტრუმენტს, იქნება ეს ევროპარლამენტი თუ ევროკომისია, ამაზე გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა ფაქტია რომ მზაობა არსებობს“.
„საუბარი იყო, არათუ შეწყდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, არამედ ის ბენეფიტები, რომელსაც საქართველო იღებს ევროპისგან, ამ ბენეფიტებს დავკარგავთ, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა „გირჩი– მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
„მოსალოდნელია ძალიან მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, როდესაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება „ქართული ოცნებას“ და ის ცდილობს გაატაროს ანტიევროპული პოლიტიკა, შესაბამისად ის იღებს პასუხს ევროპიდან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველოდან“.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე 26 ოქტომბრის არჩევნების დამკვირვებლებს შეხვდნენ.
11 ნოემბერს, მათ აქციაში „ჩვენ ვართ ევროპა“ მიიღეს მონაწილეობა, სადაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და მათი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბედნიერია თბილისში – „ევროპის ნამდვილ დედაქალაქში“ ყოფნით. მისი თქმით, მან იცის, რომ ხელისუფლებას დელეგაციის ვიზიტი „არ უხარია“ და დასძინა: „ჩვენ არ ვართ მტერი, ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები! როთმა ასევე განაცხადა: „ისინი გვაკრიტიკებენ თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო. ნიშნავს თუ არა თქვენ პრეზიდენტთან შეხვედრა ჩარევას?” ჰკითხა მან რიტორიკულად და დასძინა, რომ პრეზიდენტი „თქვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის” იბრძვის.
„თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ ევროკავშირში გადავრჩებით. სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს“, – დასძინა როთმა. „დემოკრატია ცოცხალია არა მმართველი პარტიის, არამედ თქვენს გამო!” გერმანელი დეპუტატის თქმით, ლიბერალურ დემოკრატიაში თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს ჩერდება, „ვერასდროს ვიტყვით, რომ მისია შესრულებულია, ეს პროცესი არასდროს მთავრდება, ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ თავისუფლება ჩვენს უნივერსიტეტებში, ბიზნესში, ოჯახებში, პოლიტიკაში“. „არ დანებდე, ჩვენ შენთან ვართ!”
ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა აქციაზე გამოსვლისას განაცხადა: „არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის; ევროკავშირსა და ნატოში თქვენი წევრობისთვის!“
შვედეთის რიქსდაგის ევროკავშირის კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ ოტოსონმა ქართველების გამბედაობა გაიხსენა, რომლებიც 2008 წელს რუსეთს დაუპირისპირდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ერთდაერთი „დემოკრატიული“ გზაა ევროპისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლით ისინი მას ინარჩუნებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)