skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ყოფილი ოფიციალური პირები, სამოქალაქო ჯგუფები ერთობლივ განცხადებაში დასავლეთის მხარდაჭერას ითხოვენ

საქართველოს ყოფილმა უმაღლესმა სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა (მათ შორის პარლამენტის ორმა თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა), ელჩებმა და საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილმა წევრებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობების, სამეცნიერო და ხელოვნების წრეების, პროფესიული ასოციაციების, ანალიტიკურის ცენტრების წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

მათ განაცხადეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და მის დამოუკიდებელ მომავალს „ეგზისტენციალური საფრთხე“ ემუქრება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქართველ ხალხს უარი ეთქვა ფუნდამენტურ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება „ფართო, სისტემატური საარჩევნო გაყალბების“ გამო. ისინი მიუთითებენ საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებზე არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, მათ შორის ისეთ დარღვევებზე, რომლებიც, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თქმით, არ აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტებს.

ისინი ასევე ხაზს უსვამენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების გამო და აცხადებენ, რომ „ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ცნობილმა თავმჯდომარეებმა საჯაროდ დაგმეს საარჩევნო დარღვევები და მოითხოვეს საერთაშორისო ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ნორმების დაცვისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. მაღალი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელს რეგიონში, უტოლდება დასავლეთის მორიგ მარცხს ავტორიტარული სამყაროს წინაშე და უდიდეს დარტყმას აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის ფონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ამ კრიტიკულ მომენტში, ამ არჩევნების შედეგების აღიარება რუსეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება. ისინი მოუწოდებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის  ლიდერებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. ისინი მოუწოდებენ უცხოელ ლიდერებს, მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას:

  • საარჩევნო ოქმების გასაჯაროვება;
  • არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება და
  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სტრუქტურულად სახეცვლილი  საარჩევნო ადმინისტრაციისა  და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის  პირობებში.

„მოგიწოდებთ, დაუდგეთ საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებების და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. „დიდი მადლობა საქართველოს ყველა მეგობარს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომისთვის“.

განცხადებას, რომლის ინიციატორია მოძრაობა აირჩიე ევროპადა  ინიციატივაკულტურა დემოკრატიისთვის“, თითქმის 200 ხელმომწერი ყავს და ის ღია რჩება ხელმოწერებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button