ცესკოს საუბნო წილისყრის ახალი წესი არჩევნებზე გავლენის მოხდენის შიშებს აღძრავს
16 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) გამოაქვეყნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებას წილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა უყარონ. აქამდე მსგავსი წილისყრა უშუალოდ საარჩევნო დღეს ტარდებოდა.
ახალმა წესმა აღძრა შიშები იმის თაობაზე, რომ იგი ხელისუფლებას არჩევნებზე გავლენის მოხდენის საშუალებას მისცემს. დადგენილება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციამ კი იგი სასამართლოში გაასაჩივრა.
ცესკომ ცვლილება იმით დაასაბუთა, რომ 2 262 უბანზე წელს კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდება, რაც კენჭისყრის დღეს ტექნოლოგიის გამართვისა და შემოწმების დროის საჭიროებასთან არის დაკავშირებული. დადგენილებისავე თანახმად, ძველი წესით გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენა ხორციელდებოდა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო სხვა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრა კენჭისყრის დღესვე იმართებოდა, რაც “არაერთგვაროვნებას” იწვევდა.
“პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას”, – წერია ცესკოს დადგენილებაში.
თუმცა კრიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლებ პერიოდში ახალი წესის შემოღებას, ოპოზიციურმა პლატფორმამ, “ძლიერმა საქართველომ” კი დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა. გიორგი სიორიძემ, რომელიც ცესკოში “ძლიერი საქართველოს” წევრ პარტიას, “ლელოს” წარმოადგენს, 19 აგვისტოს აღნიშნა, რომ ახალი დადგენილების წყალობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს (სუსს) ” ერთი კვირით ადრე ეცოდინება უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მატარებელი ადამიანების ვინაობა, რაც აძლევს მას შესაძლებლობას, ზეწოლა მოახდინოს მათზე”.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) დადგენილებასთან დაკავშირებულ დავაში “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარადგინა. მოსაზრების თანახმად, ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ დებულებას ეყრდნობა, რომელიც კომისიას წილისყრის პროცედურებისა და ვადების შეცვლის უფლებას ისეთ გამონაკლის შემთხვევებში აძლევს, თუკი შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება და ვადების დაცვა. თუმცა, საიას აზრით, მოცემულ შემთხევაში მსგავსი საჭიროება ცესკოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია.
ორგანიზაციის თქმით, წარსულში ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრისას უბნის გვიან გახსნის საჭიროება არ დამდგარა, ხოლო წილისყრის პროცედურების დრო უკვე ყველა უბანში გაიზარდა ერთ საათსა და 15 წუთამდე.
საიას აზრით, აღნიშნული ცვლილება ძირს უთხრის არჩევნების გამჭვირვალობას, ზრდის კომისიის წევრებზე დაშინებისა და წნეხის რისკს და საქმეს ურთულებს ადგილობრივ და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს.
ცესკომ “სადავო დადგენილება ცვლილების საჭიროების სათანადო დასაბუთებისა და ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო”, – ნათქვამია მოსაზრებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საკითხი 20 აგვისტოს დილით განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით “ძლიერი საქართველოს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ცესკოს დადგენილება ძალაში დარჩა.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/06/2023 – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ცესკოს ფორმირების წესი იცვლება
- 19/03/2024 – პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)