მეთიუ მილერი: აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 16 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის ქართველი ოფიციალური პირებისა და ინდივიდუალური პირების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხებოდა. პრესსპიკერი ასევე შეეხო „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ბოდიშია მოსახდელი. მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთის შემოჭრისა და ოკუპაციის გამო ბოდიში არ აქვს მოსახდელი.
პრესსპიკერმა მილერმა ბრიფინგი საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამოცხადებით დაიწყო და ხაზი გაუსვა, რომ „აშშ კვლავ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ნორმებთან“.
მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ და ძალადობრივად დაარბია საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონს აპროტესტებდნენ. „დღეს შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს მთავრობის ორ თანამდებობის პირს და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს, ასევე სავიზო შეზღუდვებს უწესებს 60-ზე მეტ ქართველს ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციულ პრაქტიკაში ან სხვა ანტი-დემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
მეთიუ მილერის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში იქნა მიღებული იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გრძელდება ანტიდემოკრატიული ქმედებები, ასევე მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების გაკეთება, რაც „ეწინააღმდეგება აშშ-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას“.
„საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევითა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევით“, – განაცხადა მილერმა.
თავისი შესავალი სიტყვის დასასრულს, მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის 32 წლიან მხარდაჭერას საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართ. „ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული და უფრო ქმედუნარიანი ქვეყანა – უფრო მეტიც – ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა მან და დასძინა: „იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე მკაფიოდ სურს“.
კითხვა-პასუხის ნაწილის დროს პრესსპიკერს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ის ფაქტი, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იმას, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს „მრავალდონიანი ღონისძიებების მეორე ტრანშს“, რომლის მიღებასაც აშშ გეგმავს. პრესსპიკერმა მილერმა აღნიშნა, რომ ეს არ არის აშშ-ის მიერ განხორციელებული მეორე ქმედება. მან საქართველოს ხელისუფლების დაფინანსების 95 მილიონი დოლარით შემცირებაზე მიუთითა.
კითხვაზე, რომელიც ეხებოდა აშშ-ის მიერ გამონაკლისის დაშვებას და იმ პირთა, დაახლოებით 90 ადამიანის, დასახელებას, რომელთაც აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა, რაც საქართველოში დეზინფორმაციას დაასრულებდა იმის თაობაზე, რომ სანქციები არავისთვის დაუწესებიათ, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ეს ის საკითხია, რომელიც უნდა დაისვას და რომელსაც კონგრესში ლობირება უნდა გაეწიოს.
ბოლოს, პრესსპიკერს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრის შესახებ, რომელიც ცდილობს „დაარწმუნოს მსოფლიო, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო რუსეთთან ომი 2008 წელს აშშ-ის მხარდაჭერით“.
პრესსპიკერმა განაცხადა: „უბრალოდ ვიტყვი, არ მგონია, რომ საქართველომ რუსეთის შემოჭრის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, ან იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. სწორედ რუსეთია აგრესორი საქართველოში შემოჭრის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთი აგრესორია რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ – რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)