2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
16 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ საქართველოზე სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველომ თავდაცვის სამინისტროს 170 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების საერთო რაოდენობა 2 232-ს შეადგენს.
ქვემოთ მოცემულია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით:
პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს. 16 წელი რუსეთის ბოლო შემოჭრიდნ, ოკუპაცია არ არის დავიწყებული! ჩვენ არასოდეს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ მას! საქართველო მტკიცედ დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ დაუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას“.
მმართველი გუნდი
ბექა ოდიშარია, „ქართული ოცნების“ დეპუტატი (საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაცია): „ახლოვდება ის თარიღი, აგვისტოს ის მძიმე დღეები, როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ განახორციელა აგრესია. ეს არის თარიღი, რომელიც ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, არასდროს დაავიწყდება ჩვენს თანამედროვე და მომავალ თაობებს, რადგან ამ დღეებში გმირულად დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ეცადნენ, დაეცვათ თითოეული გოჯი ქართული მიწისა. მიუხედავად ამისა, მტერმა ჩვენზე იმძლავრა და სეპარატისტებთან ერთად მოიპოვა დროებითი წარმატება… მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო და თუ შეიძლება იმ მოვლენებში, რომელიც განვითარდა და რომლითაც ვერაგულმა ოკუპანტმა ისარგებლა, ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელისუფლება“.
ოპოზიცია
თინა ბოკუჩავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე: „პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ჩვენი ვალია უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ჩვენი ერთიანობით გამავთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“.
ნიკა მელია, პოლიტიკური ალიანსის „ახალი“ თანადამფუძნებელი: „ეს არის დღე, როდესაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ უნდა გავიაზროთ რა არის რუსეთი და რის წართმევას ცდილობს საუკუნეების განმავლობაში დღემდე ქართველებისთვის და საქართველოსთვის როგორც სახელმწიფოსთვის. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესში გავიგოთ. სახელმწიფოს სჭირდება სახელმწიფო საფუძველის გაძლიერება და სუვერენიტეტის გაძლიერება. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ხალხის ინტერესის ასახვას პოლიტიკაში, სახელმწიფოს მართვის პროცესში და ეს ყველაფერი ვერ მოხდება ხელისუფლების ცვლილების გარეშე“.
მამუკა ხაზარაძე, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი: „დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო – დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, ასობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაგვაკარგინა, ათობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, წაგვართვა ტერიტორიები და დღემდე ღია ჭრილობად გვრჩება. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა! არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება! დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს, რომელსაც ყველა ერთად ავაშენებთ!“
ანა დოლიძე, პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერი: „მნიშვნელოვანია, რომ აქ გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც საკუთარი სიცოცხლით უპასუხა რუსეთს და დაიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა, და აღვნიშნოთ, რომ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გრძელდება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის პირობებში, ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად და ძლიერად უნდა გავიზიაროთ იმ ხალხის სულისკვეთება, ვინც საკუთარი თავი დადო საქართველოს თავისუფლებისთვის და ეს, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობის დროს უნდა აღვნიშნოთ“.
გიორგი გახარია, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი: „რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან და მისი ტერიტორიების ოკუპაციიდან 16 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე, ოკუპანტი სახელმწიფო აძლიერებს კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, რითიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ცდილობს აღმოფხვრას იქ მცხოვრები ქართველების, აფხაზებისა და ოსების იდენტობა. ოქტომბერში ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმისგან და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად ქვეყანა ევროპისკენ წავიყვანოთ“.
ელენე ხოშტარია, პარტია „დროას“ ლიდერი: „დღეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის ტრაგიკული წლისთავია – ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც რუსეთს არასოდეს უგია პასუხი, ომი, რომელმაც გზა გაუხსნა რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოში იყო მისი განვითარების სამუდამოდ შეჩერება, საქართველოში ყოველგვარი დემოკრატიისა და თავისუფლების ამოძირკვა, საქართველოსთვის შანსის წართმევა, რომ დაბრუნებულიყო თავის ისტორიულ და ცივილიზაციურ ოჯახში – ევროპაში. მათ თბილისში ლოიალური ხელისუფლების დაყენება და ქართველების დაშინებით მათი დამარცხება და უმოქმედობა სურდათ. მათ მოახერხეს თბილისში თავიანთი ხელისუფლების დაყენება, მაგრამ ვერასოდეს შეძლეს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული იდენტობისადმი ქართველი ხალხის სიყვარულის ჩახშობა. 26 ოქტომბერს ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ერს და მომავალს საქართველოში რუსეთის ბოლო ხელისუფლების ჩამოშორებით. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)