skip to content
ახალი ამბები

ზახაროვა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 აგვისტოს პრესსპიკერის მარია ზახაროვას კომენტარი გამოაქვეყნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ომის დაწყებაშია დადანაშაულებული. ზახაროვას თქმით, „2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო“.

ზახაროვამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „კრიმინალურმა ავანტიურამ“ რუსეთს „სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ აგრესორის მიმართ მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია გაეტარებინა და მოგვიანებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა“. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებამ „უზრუნველყო იქ მცხოვრები ადამიანების უფლება, შეენარჩუნებინათ ეროვნული თვითმყოფადობა“.

განცხადებაში ზახაროვა ასევე საუბრობს ომის შემდეგ დაარსებულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ამბობს, რომ მისი წყალობით „შესაძლებელი გახდა შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება სამი სახელმწიფოს საზღვრებზე, ასევე იქ წარმოქმნილ დაძაბულობის კერებთან სწრაფად გამკლავება“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დისკუსიების მონაწილეებმა „მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დასადებად“.

ზახაროვას თქმით, სიტუაციის სტაბილიზაცია მოითხოვს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის „სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაციის დაწყებას, შემდგომი დემარკაციით.

პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ ამოცანების აქტუალურობა სულ უფრო იზრდება იმ ფონზე, როდესაც „ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სულ უფრო მეტად ცდილობენ, შიდარეგიონული წინააღმდეგობა რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის დასაძაბად გამოიყენონ“. მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს, რომელიც „რუსეთის გაღიზიანებისკენ ისწრაფვის, ავიწყდება რეგიონის სახელმწიფოების ინტერესები და მათ უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას საფრთხეს უქმნის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი მზადაა იმ ქვეყნებთან ურთიერთქმედებისთვის, რომელთაც სამხრეთ კავკასიის ბედი ადარდებთ, და მათ შორის, „ყოველმხრივი დახმარება“ აღმოუჩინოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის გამართვას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button