საქართველოს პრეზიდენტი ერგნეთში: ევროპა საბოლოო გამაერთიანებელი იქნება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ მუზეუმს ესტუმრა. მუზეუმის წინ ჟურნლისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დავიწყება არ შეიძლება და არც შეგუება შეიძლება. მისი თქმით, მეტი უნდა გაკეთდეს საზოგადოების შერიგებისა და ქართული ეკლესიებისა და ენის დაცვისთვის. მან ასევე გაუსვა ხაზი ევროპული ინტეგრაციის როლს შერიგების კონტექსტში და მადლიერება გამოხატა „უცხო აგენტების“ მიმართ სოფელ ერგნეთის აღდგენისთვის.
„ეს ის მეხსიერებაა, რისი დაკარგვის უფლება არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს… ეს არ არის, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მოცემულობა, ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეგუება ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ რა შეიძლება გაკეთდეს არა იმისთვის, რომ რაღაც ომით თუ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორად აქ და იქ მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ, ამ სოფლის გაძლიერებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის შერიგების დასაწყებად, სოფელი უნდა გაძლიერდეს და სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით გაზრდისა და განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს უნდა გაეგზავნოთ გზავნილი, როგორც იქაურ ოსებს, ისე ქართულ მოსახლეობას, რომ „მათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ეს საბოლოო გამაერთიანებელი იქნება“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა: „მე მაინტერესებს, როდის იყო ბოლოს, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს მიმართა იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდაც აფხაზეთში, გინდაც ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის“. იგი ასევე დაინტერესდა, რას აკეთებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგიონის გასაძლიერებლად. „კიდევ ერთი რამ, არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია უცხო აგენტების ფულით, მადლობა მათ“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/08/2024 – საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმიანებიან
- 07/08/2024 – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
- 07/08/2024 – მმართველი პარტია ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის ომის დროს ღალატში ადანაშაულებს და სამართლებრივი შედეგებით იმუქრება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)