
Meta-მ „უცხოელი აგენტების“ კანონის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რუსული წარმოშობის ანგარიშები და გვერდები წაშალა
კომპანია Meta-მ თავის პლატფორმებზე რუსული წარმოშობის ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ოპონენტებს აკრიტიკებდნენ და „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდნენ.
თავის ბოლო ანგარიშში, Meta-მ განაცხადა, რომ კომპანიამ 76 ფეისბუქის ანგარიში, 30 გვერდი და თერთმეტი ინსტაგრამის ანგარიში წაშალა, რომლებიც რუსეთში წარმოიშვა და რომელთა სამიზნეც სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანა – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყო. Meta-მ ასევე აღნიშნა, რომ გაუქმების მიზეზი „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ“ მისი პოლიტიკის დარღვევა გახდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არაავთენტური ქსელი YouTube-ს, Telegram-სა და TikTok-საც იყენებდა, რათა „უფრო ლეგიტიმური გამოჩენილიყო“ და ამ პლატფორმებისა და მკვლევრების შემოწმებას გამკლავებოდა. Meta აღნიშნავს, რომ მოცემული ანგარიშის წერის დროს ყალბი საინფორმაციო გვერდები აგრძელებდნენ პოლიტიკური „სიახლეების“ გამოქვეყნებას ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ფიქტიური ვებგვერდები „უცხოელი აგენტების“ კანონზე საქართველოში ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს ეხმაურებოდნენ, რა დროსაც მომიტინგეებს აკრიტიკებდნენ და „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდნენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, Meta-ს თქმით, ისინი ანტი-დასავლურ პორტებს აქვეყნებდნენ აზერბაიჯანში და პრორუსულ კომენტარებს სომხეთში. ანგარიშის თანახმად, სამივე ქვეყანაში, დაახლოებით 3 800 ანგარიში ერთი ან რამდენიმე ასეთი გვერდის მიმდევარი იყო, და დაახლოებით 1 850 ანგარიში – ერთი ან რამდენიმე ასეთი ანგარიშის მიმდევარი ინსტაგრამზე.
ამასთან, რეკლამაზე დაახლოებით 77 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, რომლის დიდი ნაწილის გადახდაც აშშ დოლარში განხორციელდა.
Meta-ს გამოძიებაში თავისი წვლილი შეიტანა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“. Meta-ს თქმით, მან ეს ქსელი „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით აღმოაჩინა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Meta-მ „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო საკუთარ პლატფორმებზე რუსული წარმოშობის ან „ქართული ოცნების“ მომხრე, ან ორივე ამ ტიპის ანგარიშები და გვერდები წაშალა.
2023 წელს Meta-მ ამავე მიზეზით საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან ასოცირებული ფეისბუქის 80 ანგარიში, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. ეს ყალბი ანგარიშები ძირითადად სახელისუფლებო კონტენტზე ტოვებდნენ კომენტარს ან იწონებდნენ მას.
აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც ახლა, 2023 წელს წაშლილი ანგარიშები მაშინაც აკრიტიკებდნენ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს, როდესაც კანონპროექტი პირველად იქნა ინიცირებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/02/2024 – ხელისუფლებამ ყველაზე მეტი თანხა Meta-ს პლატფორმებზე სოციალურ და პოლიტიკურ რეკლამებზე დახარჯა
- 21/10/2023 – მედიის განვითარების ფონდი: გასართობი და ანონიმური FB გვერდების კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)