ახალი ამბები

ხელისუფლებამ ყველაზე მეტი თანხა Meta-ს პლატფორმებზე სოციალურ და პოლიტიკურ რეკლამებზე დახარჯა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ Meta-ს პლატფორმებზე, მათ შორის ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პოლიტიკური რეკლამების განთავსების ტენდენციებზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში, ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ რეკლამებისთვის სულ დახარჯული თანხის 56.7% 15 გვერდზე მოდის, საიდანაც პირველი ხუთი გვერდი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, „ქართულ ოცნებას“, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამად მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და ტელეკომპანია „იმედს“ ეკუთვნის. 

გვერდები, რომლებმაც რეკლამებზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

Meta-ს  რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებზე დაყრდნობით, „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში (2023 წლის ივლისი-სექტემბერი). რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სოციალური მედიის პლატფორმაზე 16-ჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში. „უწყების საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, გვერდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას. რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ Meta-ს ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან“, – განმარტავს ორგანიზაცია.  

წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯიც. მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს, ძირითადად, დასპონსორებული იყო პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც  შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას. რეკლამის სახით ასევე განთავსდა იმგვარი ღონისძიებების ამსახველი ვიდეოჩართვებიც, რომელთა ხანგრძლივობა ერთ საათს აღემატებოდა და ეხებოდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნას გასული წლის 26 ოქტომბერს, ასევე 15 დეკემბერს გამართული კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. სურათების სახით განთავსებულ რეკლამებს შორის იყო ღარიბაშვილის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოები და რელიგიური დღესასწაულების მისალოცი ბარათები ფეისბუქზე.

წინა კვარტალთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯები. ვაშაძის ფეისბუქგვერდზე განთავსებული რეკლამების უმრავლესობა პოლიტიკოსის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებს მიეძღვნა. ასევე, დასპონსორებული იქნა მისი საპარლამენტო გამოსვლებისა და ტელემედიაში ჩართვის ვიდეოფრაგმენტები.

გვერდები, რომლებმაც ყველაზე მეტი პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განათავსეს

მონიტორინგის პერიოდში ყველაზე მეტი პოლიტიკური და სოციალური რეკლამა ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქგვერდმა – Georgia First NEWS გამოაქვეყნა. დარეკლამებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლურ, ირიბად პრორუსულ, უკრაინის საწინააღმდეგო, ანტილიბერალურ და ჰომოფობიურ ნარატივებს შეიცავდა. შემდეგ მოდიან სახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV, „მაუწყებელი“, „ტაბულა“ და მმართვალი პარტია „ქართული ოცნება“.

სოციალური და პოლიტიკური რეკლამები Meta-ს პლატფორმებზე განმათავსებელთა კატეგორიების მიხედვით 

Meta-ს პოლიტიკური რეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, ოფიციალურ აქტორებს შორის, პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების, სხვა საჯარო უწყებების, აგრეთვე, მედიასაშუალებების გვერდებზე დაიხარჯა. არაოფიციალური/ანონიმური აქტორების რეკლამების ძირითადი ნაწილი კი მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას მოიცავდა. წინა კვარტალთან შედარებით, ათჯერ გაიზარდა ანონიმური მხარდამჭერი გვერდების სარეკლამო დანახარჯები.

პოლიტიკური პარტიები

საანგარიშო პერიოდში, პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე არანაკლებ  91 063 და არაუმეტეს 94 528 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა (49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე) დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული (41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი). რაც შეეხება ოპოზიციას, წინა კვარტალთან შედარებით, გაორმაგდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ ხარჯები.

მედია

რაც შეეხება მედიას, ორგანიზაციის თქმით, მონიტორინგის პერიოდში 133 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 1 884 რეკლამა იძებნება, რომელთა ღირებულება  30 330-დან 42 111 აშშ დოლარამდეა. მათ შორის, 56 ქართული მედიასაშუალების რეკლამებისთვის 30 253-დან 34 411-მდე აშშ დოლარი დაიხარჯა. საქართველოდან ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლები წარმოადგენდნენ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 19 მედიასაშუალების გვერდის 74 რეკლამის ერთ-ერთ სამიზნეებსაც. თუმცა, მათზე დახარჯული თანხის ოდენობა 1 900 აშშ დოლარს არ აღემატებოდა.

ქართულ მედისაშუალებებს შორის Meta-ს რეკლამებისთვის ყველაზე მეტი დანახარჯი ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და POSTV-მ გასწიეს. ამ ორი ტელევიზიის მიერ დახარჯული თანხა აღემატება ყველა სხვა ქართული მედიასაშუალების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამების ჯამურ ღირებულებას. ამასთანავე, მათ, ივლისი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, რეკლამებზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს. ოქტომბერ-დეკემბერში Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა „მაუწყებლისა“ და „მთავარი არხის“ შემთხვევაშიც. „ფორმულამ“, „ტაბულამ“ და „Pia.ge“-მ კი სარეკლამო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირეს.

სარეკლამო დანახარჯების რეგიონული განაწილების მიხედვით, ხარჯების ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის რეაგირება

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშზე დაყრდნობით ზოგიერთი მედია საშუალება მანიპულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში Meta-ზე მხოლოდ 736 აშშ დოლარი დახარჯა სახელმწიფო მინისტრისა და აპარატის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, Meta-ს სარეკლამო ხარჯების დანარჩენი ნაწილი, კონკრეტულად 28 128 აშშ დოლარი, განკუთვნილი იყო კამპანიისთვის „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ემსახურება, და რომელიც ჩატარდა სამ ენაზე – ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button