დაწვრილებით

მედიის განვითარების ფონდი: გასართობი და ანონიმური FB გვერდების კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ

„მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ „მითების დეტექტორმა“ ევროკავშირის წინააღმდეგ გასართობი და ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდების კამპანია გამოავლინა. 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,  ეს გვერდები 2023 წლის იანვრიდან დასპონსორებული პოსტების საშუალებით ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ.

ვინ არიან ისინი?

„ფეისბუკ გვერდები, ე.წ. მიმების (memes) გამოყენებით დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტრადიციული ღირებულებების უარყოფას, ლგბტქი თემის უფლებების გაძლიერებას მოიაზრებს“, – ნათქვამია კვლევაში. ამასთან, გამოვლენილი გვერდები 2023 წლის პირველ ნახევარშია შექმნილი და მათ კატეგორიების ველში საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი, მუსიკოსი, ყიდვა-გაყიდვის სერვისი აქვთ მითითებული.

ვინ დგას ამ გვერდების უკან?

„ფეისბუკის“ პოლიტიკური რეკლამირების წესების თანახმად, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამის განმთავსებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ყოველ დაფინანსებულ რეკლამაზე (Paid for by). გარდა ამისა, პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც რეკლამის სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს.

მიუხედავად ამ წესებისა, გამოვლენილ „ფეისბუკ“ გვერდებს, რომლებიც რეკლამას ქართულ აუდიტორიაზე ავრცელებდნენ, სხვა ქვეყანა აქვთ მითითებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი ქვეყანას საერთოდ არ უთითებენ. გარდა ამისა, ამ გვერდების რეკლამების ბიბლიოთეკაში არ არის აღნიშნული, თუ ვის მიერ არის გადახდილი რეკლამის ფული და ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე. ასევე, აღნიშნული ფეისბუკ გვერდები ზოგიერთ შემთხვევაში დეზინფორმაციის შემცველ პოსტებსაც ავრცელებენ.

რა საერთო აქვთ ამ გვერდებს?

„მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგად 7 საეჭვო ფეისბუკ გვერდი გამოვლინდა, რომლებიც შემდეგი ტაქტიკით მოქმედებენ:

  • თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება;
  • „ფეისბუკ“ გვერდების მიერ მითითებული კატეგორია არ ემთხვევა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსს;
  • ანონიმური გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი;
  • 7 ფეისბუკ გვერდიდან სამს ადგილსამყოფელად უკრაინა და  უკრაინული ნომერი აქვს მითითებული;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ფეისბუკ გვერდებს იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული;
  • დომენი @kuromail.cc, რომლითაც ორ ფეისბუკ გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტა სრულდება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს “სოციალური ქსელის ანგარიშების ფერმასთან”, რომელსაც სხვადასხვა მიზნით – სოციალური მედიის მენეჯმენტის ან თაღლითობისთვის იყენებენ.

აქტიურია თუ არა ისევ ეს გვერდები?

18 ოქტომბრის მონაცემებით, შვიდი გვერდიდან სამი დეაქტივირებულია, ხოლო ოთხი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. დეაქტივირებულია შემდეგი გვერდები: Programming Natural,  Marketing Funny და Cool Move (რომლებიც აღარ იძებნება; შემდეგი გვერდები კვლავ ხელმისაწვდომია: Crazy World,  Marketing Sanctuary; Bautista და Coco Kaewchay

რამდენიმე მაგალითი

მთლიანობაში, პროპაგანდისტული გზავნილები შეიცავს ანტიდასავლურ და, კერძოდ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ განწყობებს. ისინი ხშირად გაჯერებულია ჰომოფობიური გზავნილებით და ავრცელებენ შიშებს ლგბტქ+ თემის მიმართ.

Მაგალითად. 2023 წლის მარტში გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელზეც ეკლესიის წინ დანთებული ცეცხლი, იქვე რამდენიმე ათეული ადამიანი ფერადი დროშებით ხელში, სახლების ნანგრევები და ევროკავშირის დროშები ჩანს.

აღსანიშნავია, რომ პოსტებს იდენტური აღწერა ჰქონდათ. აღწერის თანახმად, ეს ფოტოები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Midjourney-მა მას შემდეგ დააგენერირა, რაც სთხოვეს, ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა საქართველო 2050 წელს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდებოდა.  2023 წლის აპრილში ამ გვერდების მიერ გავრცელებული პოსტები ფეისბუკ გვერდმა “მართლმადიდებლური გვერდი” რეალურ ამბად წარმოადგინა და ამტკიცებდა, თითქოს ფოტოზე აღბეჭდილი ეკლესია უცხოეთში მდებარე მართლმადიდებლური ტაძარი იყო.  

სხვა პოსტები ასევე შეიცავს ჰომოფობიურ გზავნილებს. ფეისბუკ გვერდს Cool move, რომელიც ამ დროისთვის წაშლილია, გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტი, რომელშიც ასევე ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებოდნენ, როგორი ამბები გამოქვეყნდებოდა ქართულ მასმედიაში 2050 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროპული საზოგადოების ნაწილი გახდებოდა. როგორც სხვა გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების შემთხვევაში, ამ პოსტსაც თანდართული აქვს ფოტოები, რომელზედაც ფერადი დროშებით ხელში ადამიანები ჩანან. ამავე ფეისბუკ გვერდის დასპონსორებულ პოსტებში ვხედავთ მიმებს, რომლებშიც აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ უიმედოდ ელოდება საქართველო ევროკავშირის წევრობას და დასავლეთისგან მხოლოდ ფუჭი დაპირებების ტალღას იღებს.

„ფეისბუქ“ გვერდების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია შეიცავს ყალბ ნარატივს ევროკავშირის წევრობის შესახებ. მათი მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოსთვის წაყენებული მოთხოვნები გადაწონის იმ სარგებელს, რომელსაც ქვეყანა გაწევრიანებისგან მიიღებს.

მოუწოდებენ რა მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისკენ, ზოგიერთი პოსტი ხმებსაც კი აგროვებს პეტიციისთვის, რომლის მიზანიც საქართველოს კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მუხლის ამოღებაა.

სხვა პოსტები ასევე ფოკუსირებულია ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული რევოლუციების ცრუ ბრალდებებზე და მიხეილ სააკაშვილზე.

Programming Natural-ისა და Marketing Funny-ის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი რეკლამა ვიზუალურად და შინაარსობრივად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე იდენტურია Crazy World-ისა და Marketing Sanctuary-ის მიერ დაფინანსებული მემები, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული ქვეყნები არ თვლიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ღირსად და რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ლგბტქ თემი თბილისში აღლუმის გამართვას გეგმავს.

კვლევაში ნათქვამია, რომ „გავლენის კამპანიის წარმოებაში მიმების გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მავნე აქტორები სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ. მაგალითად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის „ტროლების ქარხნის“ მიერ მიმების ტექნიკის გამოყენებაზე საუბარია აშშ-ის სენატის დასაზვერვო კომიტეტის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში“.

„ფეისბუკ გვერდების მიერ “შესახებ” (About) განყოფილებაში გამოქვეყნებული მწირი ინფორმაციისა და რეკლამის განმთავსებლის ანონიმურობის გამო შეუძლებელია იმის დაზუსტება, იმართება თუ არა ეს ქსელი ერთი და იგივე ჯგუფის მიერ, თუმცა ამ გვერდების მიერ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოსახდენად გამოყენებული იდენტური ტექნიკები და ტაქტიკები, ერთნაირი პოსტები, ორ შემთხვევაში კი, მსგავსი ელექტრონული ფოსტის არსებობა, მათი ერთმანეთთან კავშირის შესახებ აჩენს ეჭვს“, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button