ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ საპატრიარქოსთვის შეღავათების მინიჭება არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან შედარებით, საგადასახადო და ქონებრივ შეღავათებს ანიჭებს.

შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს რელიგიურმა გაერთიანებებმა 2015 წლის ოქტომბერში და 2016 წლის ივლისში მიმართეს. ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა იცავდა.

რელიგიური გაერთიანებები საგადასახადო კოდექსის (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) იმ ნორმას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა დღგ-ის გადახდისგან თავისუფლდება.

რელიგიურმა გაერთიანებებმა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის (63-ე მუხლის პირველი პუნქტი) ის „უთანასწორო“ ნორმაც გაასაჩივრეს რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, მოპასუხე მხარემ – საქართველოს პარლამენტმა განმარტა, რომ, „სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება“.

საკონსტიტუციო სასამართლომ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში“.

„გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო და დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი”.

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მხოლოდ საპატრიარქოსთვის გადაცემასთან დაკავშირებულ სარჩელზე დაადგინა, რომ „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის ისტორიულ ღვაწლთან დაუკავშირებელი პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. კერძოდ, დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი“, რაც რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას გულისხმობს.

ორივე სარჩელთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით. ამასთან, “ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას“.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სამ ივლისს მიიღო. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ძალადაკარგულად 2018 წლის 31 დეკემბრიდან გამოცხადდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button