ახალი ამბები

გადამწყვეტი კენჭისყრის წინ ეკლესია მმართვალი პარტიის პოლიტიკას იწონებს

27 აპრილს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საპატრიარქომ მხარდაჭერა გამოუცხადა მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინიციატივებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და ლგბტქ+ თემის საქმიანობების შეზღუდვისკენაა მიმართული. განცხადება წინ უსწრებს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები „მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია“ და რომ „ჩვენ, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს  შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“.

აღნიშნავს რა, რომ საქართველოს წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”, საპატრიარქო აცხადებს, რომ „ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით“. განცხადება ხაზს უსვამს, რომ „დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა“ და „სიღრმისეული მსჯელობისა და ჯანსაღი დისკუსიისკენ“ მოუწოდებს.

„ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს თქმით, ხელისუფლება „გარკვევით დეკლარირებს“, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია, რასაც ეკლესიაც ემხრობა. „თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას“, – აცხადებს საპატრიარქო.

შემდეგ ის ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას“.

განცხადების დასასრულეს, საპატრიარქო აცხადებს: „საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button