skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა

12 აგვისტოს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „დაუპირისპიდეს“ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ. აშშ-ს ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა, რათა დააფინანსოს თავისი საქმიანობები და შეავიწროვოს თავისი ოპონენტები“.

„სამოქალაქო საქართველო“ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

გივი მიქანაძე, ქართული ოცნება: „ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა… არანაირი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მიღებული იმიტომ, რომ განცხადება კეთდება პირდაპირ შეიძლება ითქვას ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად… ამას სჭირდება აუცილებლად მტკიცება და ჩვენ ველოდებით მათგან, რომ ეს კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარდგენილი. თუმცა რაც ბუნებაში არ არსებობს, ის ვერ იქნება წარდგენილი… მე არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის რაიმე სახის განცხადება იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომელიც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად განახორციელეს, იმ დანაშაულებრივ ქსელზე, რომელიც კრიმინალმა კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ ქოლ-ცენტრებთან მიმართებაში“.

ბექა ოდიშარია, ქართული ოცნება: „ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც სწორედ ქოლ-ცენტრებთან არის დაკავშირებული… არ ვიცი, ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. თავს ვიკავებ, მათი საქციელი უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვთ და მეორეც, უბრალოდ სულ სხვა მიზანი აქვთ. მიზანი ნათელია, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და ხელისუფლებაში მოვიდეს ხელის ბიჭების, გოგოების ხროვა, რომელიც გარედან ნაბრძანებ ნებისმიერ დავალებას შეასრულებს“

გია ვოლსკი, ქართული ოცნება: “შემაშფოთებელი განცხადებაა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით ქართული პროკურატურა ევროპელ პროკურორებთან ერთად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას, რათა ეს დანაშაული დადასტურდეს და ყველაფერმა უჩვენა, რომ კეზერაშვილი, „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებელი და რეალური პოლიტიკური ლიდერი, იყო ჩართული ამ დანაშაულში. აი, ამ რეალობიდან უცებ, ამ განცხადებას გადავყავართ არარსებულ რეალობაში, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ჩართულია ამ „ქოლ-ცენტრების“ დანაშაულში. ხომ არ არის ეს მინიშნება იმაზე, რომ პოლიტიკურ პროცესებში ამ ბინძური ფულის გამოყენება სწორედაც ის არის, რაც საფუძველს შეუქმნის არჩევნების არაღიარებას, ვინაიდან ბიძურ ფულს სწორედაც რომ მოწინააღმდეგე მხარე იყენებს.”

გურამ მაჭარაშვილი, ხალხის ძალა: „ჰელსინკის ეს დასკვნა და განცხადება არის ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო. ყველამ დაინახა საჯაროდ, რომ შავი ფული ტრიალებს. სამწუხაროდ, საქართველოში, რომელიც მოდის სწორედ უცხოური დონორებიდან, რომლებიც მათაც კი დაადასტურეს, რომ დიახ, ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ ძალებს. ვნახეთ ბოლო დღეებში და კვირებში, რომ პირდაპირ ამ შავ ფულს ხარჯავენ წინასაარჩევნოდ, სადაც დადიან ენჯეოს წარმომადგენლები მათ შორის და ა.შ.“

ოპოზიცია

ნათია მეზვრიშვილი, გახარია საქართველოსთვის: „თუ ისინი ამ დანაშაულებრივი ფულით სარგებელს არ ნახულობენ, თუ ისინი ამ შავ ფულს ზონდერების მოსასყიდად არ იყენებდნენ აქციების მიმდინარეობის დროს და პენსიონერების ძარცვის პარალელურად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობისთვის ამას არ იყენებდნენ, მარტივი კითხვა მაქვს – რატომ არ იძიებენ?.. რატომ აფარებენ დამნაშავეებს ხელს, იმიტომ ხომ არა, რომ აქციების დროს ეს ქოლ-ცენტრები ოცნებამ საკუთარი ხალხის დასაშინებლად გამოიყენა?“

კოალიციაძლიერი საქართველო: „ადამიანების ძარცვა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა და ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია. ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოში ცდილობს დემოკრატიული პროცესების გუქმებას სწორედ კრიმინალური გზით – არალეგალური ქოლ-ცენტრებით მოპოვებული სახსრებით“.

პეტრე ცისკარიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/კოალიციაერთიანობა“: ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით“.

ნიკა მელია, ახალი /“ოალიცია ცვლილებისთვის“: „როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების ეს თაღლითური სქემა არის „ქართული ოცნების“ ფულის შოვნის წყარო, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან ვერ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან“.  

რომან გოცირიძე, პოლიტიკური ჯგუფიევროოპტიმისტები“: „ქოლ-ცენტრი არის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა… შეუძლებელია, რომ ამ 12 წლის განმავლობაში გამოპარვოდა „ქართულ ოცნებას“ მსგავსი ქოლ-ცენტრების არსებობა… ამ ფულით ფინანსდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button