
ევროპარლამენტის რეზოლუციას ადგილობრივი პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა
ევროპარლამენტმა 13 თებერვალს რეზოლუცია მიიღო „საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ“. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, არ აღიაროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მის ელიტურ გარემოცვას, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს და „რეჟიმთან დაკავშირებულ მედიის მფლობელებს“, და მომავალი ჩართულობის წინაპირობად ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუცია მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ“. მასში ასევე ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, რითაც ძირს უთხრის წლების განმავლობაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
„სამოქალაქო საქართველო“ რეზოლუციაზე ადგილობრივი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრი: „ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მეექვსე სრულიად უსამართლო რეზოლუცია. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. ეს ასევე არის თავდასხმა კონკრეტულად მედიის დამოუკიდებლობაზე. ეს ყველაფერი გვახსენებს იმ ცხრა წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც ახლა ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია გაჯანსაღდება მომავალში, დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე“.
მაკა ბოჭორიშვილი, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი: „„ძალიან რთულია რაიმე სერიოზული კომენტარები გააკეთო იმ რეზოლუციებზე, რასაც ევროპარლამენტი იღებს ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე სათვალავიც აგვერია, მერამდენე რეზოლუციაა. მგონი ყოველ მეორე თვეს საქართველოს შესახებ არის რეზოლუციები, არა სავალდებულო ხასიათის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა ითქვას. როდესაც ვკითხულობთ, ძალიან სამწუხაროა ოღონდ ამას როდესაც ვამბობ, საღი აზრის ნაკლებობა ჩანს ამ ინსტიტუტებში… სერიოზულად ვერ აღიქვამ ნამდვილად რეზოლუციას, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არ აღიარებს არჩევნებს… ჩვენ ხომ ვიცით რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები. უკვე ცხადია და ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია, რომ ამ რეზოლუციებზე, განცხადებებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში ოპოზიცია რომ ჰქვია ის პოლიტიკური ძალები… საღ აზრს მოკლებულია ის დოკუმენტები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა ეს და ვერც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულს… რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან“.
ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: „ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია – ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ფასი და სამართლებრივი ძალა არ აქვს თავად ევროკავშირისთვის, რადგან შესასრულებლად სავალდებულო არ არის. ლოგიკურია, ჩვენთვის ფასი ვერ ექნება ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანს ჩალის ფასი აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დოკუმენტს სერიოზულად არ აღვიქვამთ. საქართველოს ხელისუფლებასა და, ზოგადად, საქართველოზე არის უსამართლო შეტევა. თავად ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტებმა არაერთხელ ამხილეს ტყუილში ევროპარლამენტის რეზოლუციები. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ამ დოკუმენტს ჩვენთვის ფასი არა აქვს. რეზოლუციაში არაერთი სახელი ვნახეთ, ეს არის იერიში ადამიანებზე, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს და მათზე იერიშის მიტანას ამიტომ ცდილობენ“.
დავით მათიკაშვილი, „ქართული ოცნება“, დეპუტატი: „რა ფასი აქვს იმ რეზოლუციას, რომელიც რეალურად აბსურდზეა დამყარებული, რა ფასი ქავს რეზოლუციას, სადა უგულვებელყოფილია მილიონ ასიათასზე მეტი ქართველი მოქალაქის ნება-სურვილი… ის რკალი „დიფ სთეითთან“ ბრძოლის ახლოვდება, ვიწროვდება… სანამ არ მოხდება ქართველი ხალხის ნების გათვალისწინება, პატივისცემა, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, ცხადია, რომ ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასიც ვერ ექნება ჩვენი ქვეყნისთვის“.
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება: „ვეხმაურებით ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას. პირველ რიგში, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუცია (სხვა ასეთი შინაარსის რეზოლუციების მსგავსად) მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან. სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა… ყველა მცდელობა, მოხდეს დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლა, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტი, ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით დაკისრებული მანდატის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობაზე მტკიცედ ზრუნვას“.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია. ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.
ოპოზიცია
ზურაბ ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „ყველაფერი მოხდა საბოლოოდ ამ შეჯერებულ ვერსიაში. საუბარი არის არჩევნების შედეგის არაღიარებაზე, შესაბამისად არ აღიარებენ არც პარლამენტს და არც ყაველაშვილს. ეს ტექსტსაც ეტყობა, არსად მათ მთავრობად არ მოიხსენიებენ, მითუმეტეს ლეგიტიმურ მთავრობად. ბევრი ტექსტია პოლიტპატიმრებზე და ათ გათავისუფლებაზე. მნიშვნელოვანი აქცენტია იმაზე, რომ ბრიუსელმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. პირდაპირ წერია, რომ ევროკომისიის ნაბიჯები არაა ბოლომდე ადეკვატური იმ რეალობისა, რომელიც საქართველოში არის შექმნილი. სანქციებზეა ბევრი ტექსტი და ჩამოთვლილია კონკრეტული სახელი და გვარები, სადაც ივანიშვილის მთელი ოჯახია, ფართო გაგებით, შეყვანილი, „ბიზნესმენები“ და პროპაგანდისტებიც… ერთ-ერთი ჩანაწერი არის ის, რომ გარკვეულ საკითხებში, რასაც ვერ იღებს ევროკავშირი კონსენსუსით, იმიტომ რომ… უნგრეთი და სლოვაკეთი უშლიან ხელს, პირდაპირ არის მოწოდება რომ მიბაძეთ ბალტიის ქვეყნებს, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალურად დაასანქცირეს კონკრეტული ადამიანები, იგივე გააკეთოს 25-მა ქვეყანამ“.
ანა ბუჩუკური, „გახარია საქართველოსთვის“: „ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუციით საქართველოსთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რომელმაც საქართველო შეიყვანა ღრმა პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში… ფაქტია, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, ქართველ ხალხს წაართვან დემოკრატიული მომავალი და ევროპული არჩევანი“.
ნიკა გვარამია, „კოალიცია ცვილებისთვის“, „ახალი“: „ყველაზე მძიმე რეზოლუციაა, რაც კი ევროპარლამენტს მიუღია. სხვათა შორის ასევე ბრიუსელის [ევროპარლამენტის] აღმასრულებელი შტოს მიმართ არის საკმაოდ მომთხოვნი მკაცრად და ხისტად“.
ბადრი ჯაფარიძე, „ძლიერი საქართველოსთვის“: „ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო, უმძიმესი, უმწვავესი რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილებები ჩვენ დღემდე არ გვინახავს და შედეგი, სწორედ არის ის ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, დამანგრეველი მოქმედებების შედეგ“.
თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „მართალია, რომ ეს არ არის პირველი კრიტიკული რეზოლუცია რუსული ოცნების წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შემდგომი რეზოლუცია უფროდაუფრო მკაცრდება… ეს რეზოლუცია არის იმის საფუძველი რომ დარწმუნებით ვთქვათ – სანქციების პოლიტიკა აქ არ გაჩერდება და აუცილებლად უფრო გაფართოვდება“.
გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ეს რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით არ მიხარია, რადგან ამ რეზოლუციაში არის ძალიან მძიმე საკითხები. ამ რეზოლუციაშია ის, რომ დღეს საქართველო, ფაქტობრივად, არის კონსტიტუციის მიღმა გასული, არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს… საუბარია, რომ არ ჰყავს არც პრემიერი, არც მინისტრები. მათთან შეხვედრას არავინ არ აპირებს. ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ჰყავს კლანი ივანიშვილთან ერთად გაბატონებული, რომელსაც სანქციები ემუქრება… ეს ხალხი უნდა მოვიშოროთ“.
This post is also available in: English (ინგლისური)