ახალი ამბები

ევროკომისარი ვარჰეი უარყოფს „აგენტების“ კანონთან დაკავშირებით კობახიძის ბრალდებას მუქარის თაობაზე

23 მაისს, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყო პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრალდებები. ამ უკანასკნელმა მანამდე განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრისას „დაემუქრა“, 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა შეახსენა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. ევროკომისარმა „გულწრფელი მწუხარება“ გამოთქვა იმის გამო, რომ „ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული“ და „საზოგადოებას ისეთი ფორმით წარედგინა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია“.

ევროკომისარმა ვარჰეიმ აღნიშნა, რომ როგორც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ევროკომისარს, მას რეგულარული კავშირი აქვს შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან, ვინაიდან, „საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის“. მან ასევე განაცხადა: „საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდი ძალისხმევით ვცდილობდი, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“.

„რამდენადაც კარგად ვიცი საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება მეტად გააღრმავოს პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში უკონტროლო სიტუაციები გამოიწვიოს. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული მოვლენა სლოვაკეთში იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე, თუნდაც ევროპაში“, – განაცხადა ევროკომისარმა.

„კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად ამოღებულია კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარედგინა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია“, – განაცხადა ვარჰეიმ და კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი. „ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და აქამდე პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ ევროპული მომავლისკენ მისწრაფების მქონე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას“, – დასძინა მან.

იმავე დღეს, მანამდე გავრცელებულ განცხადებაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ, „მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ“. თუმცა, მისი თქმით, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო““.

„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა“. „რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი. დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button