skip to content
ახალი ამბები

პენტაგონის პრეს-სპიკერი: “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გაუქმების მიზეზი საქართველოს ოფიციალური პირების ანტი-ამერიკული “ყალბი განცხადებები” იყო

პატრიკ რაიდერი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ აშშ-ის მიერ “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნების “განუსაზღვრელი ვადით” გადადების ერთ-ერთი მიზეზი იყო საქართველოს რამდენიმე ოფიციალური პირის მცდარი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს აშშ რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას ცდილობდა.

კერძოდ, მან თქვა: “სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს” ამასთან, მან აღნიშნა, რომ “რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს.”

პრეს-სპიკერმა რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ “განაგრძობს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გზების ძიებას.” მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას და დაამატა, რომ “ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას.”

5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე დაგეგმილი სამხედრო სწავლების, “ღირსეული პარტნიორის” “განუსაზღვრელი ვადით” გადადების შესახებ გაავრცელა განცხადება. აღნიშნული სამხედრო წვრთნა 2016 წლიდან ტარდება. ოფიციალური განცხადების თანახმად, ამერიკულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის დაანონსების შედეგად მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button