skip to content
ახალი ამბები

კალაძე გაუქმებულ სამხედრო წვრთნებზე: „საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი“

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სინანული გამოთქვა სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის“ აშშ-სთან, მაგრამ ეს „ორმხრივი უნდა იყოს“. კალაძის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ „მიდგომები და დამოკიდებულებები იქნება შეცვლილი“.

„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების [პროდასავლური] კურსი არის შეცვლილი… ეს არის ფარისევლობა“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „არადემოკრატიული, არაევროპული“ ნაბიჯები არ გადაუდგამს. „მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგას. კალაძემ განაცხადა, რომ „საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი“ და რომ საქართველო დარჩენა „დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“.

„ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button