ვაშინგტონში ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს
ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი 9-11 ივლისს ნატოს სამიტზე დასასწრებად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა, იტყობინებ „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახური აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე მეთიუ მილერზე დაყრდნობით. ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება. როდესაც მილერს ჟურნალისტმა ამის თაობაზე ჰკითხეს, მან ის საქართველოს ხელისუფლებისკენ გადაამისამართა და დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სწრაფი ნაბიჯები გადადგას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად.
აშშ-ის გეგმები ვაშინგტონში ნატოს სამიტზე საქართველოს მიწვევის თაობაზე კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო’ბრაიენმა უცხოური მედიისთვის განცხადება გააკეთა.
ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ ვინიკოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ სამიტზე საქართველოს შესახებ კონკრეტული შეხვედრა არ იგეგმება. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიიწვია თავისი კოლეგები პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ვინიკოვმა სამიტში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც ეს ერთი წლის წინ ვილნიუსში მოხდა და განაცხადა, რომ საქართველო „მრავალი წელია ღირებულ პარტნიორად რჩება“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიახლეს 28 ივნისს გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სამიტში მონაწილეობას საქართველოს დელეგაცია მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. „მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში“. სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი „ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს“. საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ „სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად ვაშინტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი“.
ვილნიუსის სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი, განსხვავებით ნატოს წინა სამიტებისგან, სადაც საქართველოს სახელმწიფო მეთაური წარმოადგენდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/06/2024 – „ხალხის ძალა“ ნატოს მე-5 მუხლის შინაარსს ამახინჯებს
- 21/05/2024 – აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი: ნატო „ღრმად შეშფოთებულია“ რუსეთის გავლენით საქართველოში
- 05/07/2023 – ესტონეთის პრემიერმინისტრი: საქართველოს მთავრობას არ სჯერა ნატოში გაწევრიანების
- 03/06/2023 – საქართველო და ნატო ვილნიუსის სამიტის წინ: მიმქრალი ნაპერწკალი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)