skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის პრემიერმინისტრი: საქართველოს მთავრობას არ სჯერა ნატოში გაწევრიანების

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა RFL/RL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ნატოში გასაწევრიანებლად არ აქტიურობს. მან ისაუბრა 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტიზე ნატოში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და საქართველოს პროგრესის პერსპექტივის შესახებ.

კითხვაზე, თუ როგორ სიტუაციას ხედავს იგი ამჟამად საქართველოში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის პროცესის კუთხით, ესტონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაცია “რთულია”. მან საქართველოს სიტუაცია უკრაინის სიტუაციას შეადარა, “როდესაც მათ ჰქონდათ ნარინჯისფერი რევოლუცია“ და განმარტა: „ისინი საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავდნენ, მაგრამ ეს რეფორმებს მოითხოვს“. მან დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ქუჩაში მდგომ ხალხს შორის “რთული ურთიერთობაა”.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უკრაინა და საქართველო, რომლებიც „ერთად მიდიოდნენ ხელიხელჩაკიდებულები, როდესაც საქმე ნატოს ეხებოდა, თითქოს დაშორდნენ ერთმანეთს“, კაია კალასმა თქვა, რომ ის ფიქრობს, ეს იმიტომ მოხდა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა ნამდვილად არ სჯერა [ნატოს წევრობის], ამიტომ ისინი [ხელისუფლება] წევრობის მოსაპოვებლად გულიანად არ ირჯებიან”.

მან გაიხსენა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრატისლავაში GLOBSEC-ის ფორუმზე „თქვა, რომ ნატო არის დამნაშავე უკრაინის ომში“, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ესტონეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, „ნატო არის თავდაცვითი ალიანსი”. მან დასძინა, რომ არც ნატოს და არც უკრაინას არაფერი გაუკეთებიათ რუსეთის თავდასხმის პროვოცირებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ “პრიგოჟინმაც კი [რუსული დაქირავებული ჯგუფის “ვაგნერის” ლიდერმა] თქვა, რომ ეს მცდარი ნარატივია”. ასე რომ, დაასკვნა კალასმა: ”მისი გამოსვლიდან [GLOBSEC-ში] აშკარად იგრძნობა, რომ მათ [საქართველოს ხელმძღვანელობას] არ სჯერათ ამის.”

მეორეს მხრივ, მან ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსში ალიანსმა ბუქარესტის სამიტის დაპირებაზე მეტი შესთავაზოს უკრაინას და დაუსახოს პრაქტიკული ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება “შევიდეს უკრაინა ნატოში”. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე „მკაფიო გზამკვლევის“ არსებობა და აღნიშნა, რომ გაწევრიანება მოხდება ომის დასრულების შემდეგ. მან დასძინა: „ჩვენ უნდა დავასრულოთ ნაცრისფერი ზონები ევროპაში, რადგან ისინი კონფლიქტისა და ომის წყაროა. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა გვქონდეს, ნატოში გაწევრიანება არის უსაფრთხოების ერთადერთი და ყველაზე იაფი გარანტია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button