skip to content

„ხალხის ძალა“ ნატოს მე-5 მუხლის შინაარსს ამახინჯებს

5 ივნისს, „ხალხის ძალამ“ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს მე-5 მუხლი არ უზრუნველყოფს სამხედრო დახმარებას მოკავშირეებისთვის მათზე თავდასხმის შემთხვევაში და რომ ამ მუხლის ქართული თარგმანი  „მიზანმიმართულად არის გაყალბებული“ და „გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ“. განცხადება აშშ-ის კონგრესში 4 ივნისს გამართულ მოსმენასაც აკრიტიკებს.

„ქართულ ვერსიაში ისეა წარმოჩენილი, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჩაერთოს სამხედრო დაპირისპირებაში და დაიცვას მოკავშირე სამხედრო აგრესიისგან“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც „გლობალური ომის პარტია“ წლების განმავლობაში ხალხის შეცდომაში შეყვანაშია დადანაშაულებული.

„აქამდე ქართულ საზოგადოებას მუდმივად აბრუებდნენ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნატოში გასაწევრიანებლად და რომ ეს არის ერთადერთი ხსნა ჩვენი ქვეყნისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. „ათეულობით წელია ვისმენთ ტყუილ, არაფრისმომცემ დაპირებებს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და ასე შემდეგ“.

„რაც შეეხება უშუალოდ მეხუთე მუხლს, კითხვაზე, არის თუ არა ნატოს წევრობა ასპროცენტიანი გარანტია უსაფრთხოების, პირდაპირ გიპასუხებთ, რომ არა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხალხის ძალის“ თანახმად, მე-5 მუხლის ქართული თარგმანის მისეული ვერსია ასეთია: „ალიანსზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. ხოლო ამ დანარჩენ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, ისე და იმ ფორმით დაეხმარონ აგრესიის ობიექტს, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხოლოდ მაშინ გამოიყენონ საკუთარი შეიარაღებული ძალები“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში, ევროკავშირისა და ნატოს საკითხს „გლობალური ომის პარტია“ ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს და „რადგან მეტნაკლები წარმატებით მოახერხეს და საზოგადოება დააჯერეს, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ ამ გაერთიანებებში გაწევრებაა, ამ ინსტრუმენტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ხალხის მანიპულირებისათვის ასევე მეტნაკლები წარმატებით იყენებდნენ“.

განცხადებაში „ხალხის ძალა“ თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ივანე ჩხიკვაძესა და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროს მკვლევარსა და ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩს ნატალი საბანაძეს იმის გამო, რომ ისინი 4 ივნისს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ კონგრესში გამართულ მოსმენაზე მოხსენებებით წარდგნენ. განცხადებაში ისინი „უსამშობლო ქართველებად“ მოიხსენებიან.

„ხალხის ძალა“ კონგრესში გამართული მოსმენის კიდევ ერთ მომხსენებელს, საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ კორტნისაც აკრიტიკებს, რომელიც „პირდაპირ რევოლუციით და ჩვენი ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევით გვემუქრება“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა „ხალხის ძალის“ განცხადებას ფეისბუქზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „წარმოდგენილი დეზინფორმაციული ნარატივი საკმაოდ ძველია და კარგად არის მოთელილი წლების განმავლობაში“. მან პარალელები გაავლო ნატოს მე-5 მუხლის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებასა და რუსულ პროპაგანდას შორის.

იმავე პოსტში, მან მე-5 მუხლის „არაოფიციალური“, თუმცა, მისი თქმით, მისეული „ზუსტი“ თარგმანი დადო და დასძინა, რომ „როგორც ჩანს, უცხო ენების სწავლება ჩვენში კვლავ გამოწვევად რჩება“.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უარი თქვა „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებაზე და „სამოქალაქო საქართველო“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამისამართა. საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაარსდა და მისი მიზანი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ, ასევე ამ ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქვეყანაში ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ნარატივებთან დაპირისპირებაა.

„სამოქალაქო საქართველო“ ოფიციალური კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის მას პასუხი არ გაუცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button