skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციაში მთავრობების მეთაურები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მისი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმირებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.

„ჩვენ დავაფიქსირებთ დღეს საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატავთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზადყოფნას, რომ რამდენადაც შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს ბერლინში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა „განსაკუთრებული სოლიდარობით“ უკრაინელი ხალხის მიმართ და გაიმეორა, რომ საქართველომ სხვადასხა ფორმატში მხარი დაუჭირა „600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას“.

პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებები უკრაინაზე ხშირად იმეორებს მოსკოვის წარსულ რიტორიკას. სულ ახლახან, 31 მაისს, მან განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „გარედან დაინიშნა“, რაც კიევმა კატეგორიულად უარყო და „არამეგობრული“ განცხადება უწოდა.

კობახიძემ ბერლინში ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო“. მან იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველომ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ აღმოუჩინა. პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის „სირთულეებია“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრანელ ხალხს“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button