skip to content
ახალი ამბები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შესახებ ირაკლი კობახიძის „არამეგობრულ განცხადებებს“ გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „არამეგობრული განცხადებები“ და „დამახინჯებული შეფასებები“ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „გარედანაა“ დანიშნული და ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები უცხო ძალებს დააბრალა, რომლებმაც, მისი თქმით, უკრაინაში „მაიდნის“ მოვლენების შემდეგ ორი ხელისუფლება დანიშნეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მიუღებელი და აღმაშფოთებელია საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, უკრაინელი ხალხის გმირობასთან და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კობახიძეს არც კი უხსენებია რუსეთი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მუხანათურად შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და გაანადგურა მისი ქალაქები და სოფლები.

„სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ხილვა, რომელთა გარჩევაც ამ ბოლო დროს რუსეთის ლიდერების განცხადებებისგან სულ უფრო რთულია… მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული ნარატივების ანალოგიური განცხადებების გაკეთებისგან და უკრაინის გამოყენებისგან საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ჩაიდინა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკრაინა კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, თავისუფლებისა, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან ურთიერთობებისკენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button