skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მედიასთან სადავო საკითხები განიხილა

30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნის ფარგლებში, ჟურნალისტებთან რიგ სადავო საკითხებზე კომენტარი გააკეთა.

ჩინური კონსორციუმი და ანაკლიის პორტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის „ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელებაში“ და რომ ამ კომპანიის მონაწილეობა პროექტის წარმატებული დასრულების გარანტიაა. მან ასევე განაცხადა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა გარკვეულმა ქართველმა „პოლიტიკოსებმა და მათმა ენჯეოებმა“ საქართველოში „ანტი-ჩინური კამპანია“ გააჩაღეს.

კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა პროექტით მხოლოდ ჩინური კომპანია, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორის ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. ამაზე იქით არ მინდა კომენტარის გაკეთება…“   

„რადიკალური ოპოზიცია“

რაც შეეხება სახელისუფლებო მედიის შეკითხვას, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, „სიძულვილის კამპანია“ მიდინარეობს,  პრემიერ-მინისტრმა ამაში „რადიკალური ოპოზიცია“ დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, დამარცდა და ახლა მხარდამჭერებთან სახის შენარჩუნებას ცდილობს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი ფონდი „ფეა თრიიზ“ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების გამო, ის წყვეტს 2023 წელს დაწყებულ თანამშრომლობას ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. კობახიძემ ოპოზიციური პარტია „ლელო“ და მისი ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დაადანაშაულა ფონდის გადაწყვეტილებს გამო და მას „სამარცხვინო“ უწოდა. მისი თქმით, ეს ფონდი არ არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან მის სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. ეს მტკიცება ფონდმა უარყო.

გერმანიის ელჩისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკა

კობახიძე გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაიწყებს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს, სანამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არ გაუქმდება. პრემიერ-მინისტრმა ელჩი ანტიქართულ კომენტარებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის განცხადებებს „დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ“. „შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე; ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ… გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს იმ ინფორმაციის თაობაზე ჰკითხა, რომ თბილისში კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას გამოჩენა არ იყო „შეთანხმებული“ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ის ფაქტი, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოპოზიციის აქციაში თავისი პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე მონაწილეობს, “არასერიოზულობაზე” მეტყველებს.

უკრაინის ხელისუფლება „გარედან დაინიშნა“

კობახიძემ გაიმეორა, რომ მმართველი პარტია არ დაუშვებს საქართველოში „მაიდნის“ გამეორებას და განაცხადა, რომ 2013 წლამდე უკრაინა იყო სახელმწიფო, „რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკა 200 მილიარდი დოლარის, და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული“. მისი თქმით, უკრაინაში „მაიდნის“ მოვლენების შემდეგ, „გარედან დანიშნეს ხელისუფლება ორჯერ“ და „ვინც დანიშნა ეს ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ განვითარდა უკრაინაში“.

ხელისუფლებაა გამჭვირვალე, არა არასამთავრობო ორგანიზაციები

პრემიერ-მინისტრმა  კობახიძემ ასევე გააკეთა კომენტარი ღია ბიუჯეტის არტნიორობის 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსზე, სადაც საქართველო პირველ ადგილზეა. მან განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით „გამორჩეულია“ გამჭვირვალობის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ ერთადერთი სფერო, რომელიც გაუმჭვირვალე დარჩა, არასამთავრობო სექტორია, რასაც, მისი თქმით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მოაწესრიგებს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შესახებ

კობახიძემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და ირონიულად მადლობა გადაუხადა მას „უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობის გამო“. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ყველა ოპოზიციური პარტია არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნაწილი.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ

როდესაც ჟურნალისტებმა მას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების პერსპექტივის შესახებ ჰკითხეს, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ კანონმდებლობის დაინიცირებამდე საფუძვლიანად შეისწავლა  სასამართლოს პრაქტიკა და იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო „პოლიტიკური გავლენის“ ქვეშ არ მოექცევა.

პრემიერ-მინისტრი ზვიად ხარაზიშვილს იცავს

პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს გამოესარჩლა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა აქციის რამდენიმე მონაწილის სასტიკ ცემაში. კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა ხაზარაშვილმა პასუხი მისი ბოლო განცხადების შემდეგ, რომ იგი „ახალგაზრდებს“ არ ცემს, არამედ მხოლოდ „არაკაცებს“ ცემს და რომ მას სპეციალური სიაც აქვს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო „ირონიული“ განცხადება და „რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აღქმული როგორც რაიმე ტიპის აღიარება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button