აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 27 ნოემბერს ბაქოში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ზაქირ ხასანოვთან და იაშარ გიულერთან.
თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის 2012 წელს დაიწყო და მინისტერიალს სამი ქვეყანა როტაციის პრინციპით მასპინძლობს. წელს მინისტერიალს აზერბაიჯანმა უმასპინძლა.
სამმხრივი მინისტერიალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეფექტიანი რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა სამ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, მან კოლეგებს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო. ბურჭულაძემ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, ზაქირ ჰასანოვთან ორმხრივი შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტერიალის მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის არსებულ პატივისცემას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგსა და ნდობის განმტკიცებას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
თავდაცვის მინისტრებმა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა აღნიშნეს. ყურადღება გამახვილდა სამმხრივ სწავლებებზეც. „გამოითქვა თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული დონის შეხვედრების არსებული დინამიკის შენარჩუნების სურვილი, რაც ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
შეხვედრა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავის თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან შეხვედრაზე, ბურჭულაძემ თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა „მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის“.
მინისტრმა „სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ჩართულობა, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები წარმოადგენდა. საუბარი ასევე შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი სამხედრო სწავლებების საკითხებსაც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები საქართველოში ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/12/2022 – ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთში სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
- 06/10/2021 – აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)