ახალი ამბები

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა

15 მარტს ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მინისტერიალის ბოლოს მხარეებმა ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობისა და განხორციელების საკითხზე. „მხარეებმა აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს მომავალში სრულფასოვნად  ამოქმედების მნიშვნელობა, ისევე როგორც სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა შუა დერეფნის საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალიზაციის ფონზე“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.

მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს „სამმხრივი ფორმატის ფარგლებში არსებულ წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას და რეგულარულ შეხვედრებს საპარლამენტო, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა დარგობრივი მიმართულებით“.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთგაგების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის პრინციპებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ამავე ინფორმაციით, თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარეებმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.

„ეს არის მასშტაბური ყოვლისმომცველი პლატფორმა, რომელიც ეფუძნება  მეგობრობას და ხელს უწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებას მთელს რეგიონში“, – დაწერა შეხვედრის შემდეგ დარჩიაშვილმა ტვიტერზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ „ბაქოს დეკლარაციის მიღებით, ჩვენ დადავასტურეთ ერთგულება ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიმართ“.

„ჩვენი ბოლო შეხვედრიდან დღემდე, სრულიად ახალი პერსპექტივა გველის. დღევანდელ შეხვედრაზე [განვიხილეთ] ჩვენი რეგიონის ეს ახალი მდგომარეობა და გამოვიკვლიეთ ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები. ჩვენ წინ რეალური შესაძლებლობა გვაქვს, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობის ზონად ვაქციოთ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანთან მიღწეულია შეთანხმება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში „წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების“ თაობაზე.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. „ჩვენ კვლავ დავუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისკენ“, – დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შემდეგი მინისტერიალი 2025 წელს თურქეთში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button