პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო. უნგრეთში მასთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვიილ და მთავრობის ადმინიტრაციის უფროი ლევან ჟორჟოლიანი.
ეს იყო მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერების უმეტესობამ „ქართულ ოცნებას“ არ მიულოცა, ვინაიდან ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორები მის შედეგებს სადავოდ მიიჩნევენ და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
სამიტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა, რადგან უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
ღონისძიებაზე 40-მდე ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. მონაწილეებს შორის იყვნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრები
სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით“.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ სამი შეხვედრა გამართა. იგი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს, ევროპულილ საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს.
ალან ბერსესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას, რომელსაც „მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში“, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ტვიტერზე დაწერა, რომ მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე კონტრუქციული დიალოგი გაიმართა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. „პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. ამავე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა „ღია და გულწრფელი“ დისკუსიისთვის.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ მას „ძალიან მეგობრული“ და „კონსტრუქციული“ საუბარი ჰქონდა შარლ მიშელთან. მისი თქმით, მან უთხრა შარლ მიშელს, რომ „ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა“ და მას „არაფრის რესურსი არ აქვს“.
ოფიციალური ინფორმაციით, არც ერთ ზემოთხსენებულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ მიულოცეს.
თუმცა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრას ეხებოდა, ამ უკანასკნელმა „ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა“.
პრესრელიზის თანახმად, „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.
პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
„ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის,“- დაწერა კობახიძემ ტვიტერზე შეხვედრის შემდეგ.
პანელური დისკუსია
სამიტის ფარრგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა”.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. მან ასევე ყურადღება დაუთმო ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძე სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზეც უნდა გამოსულიყო სიტყვით, თუმცა ინფორმაცია ამის თაობაზე ჯერ არ გავრცელებულა.
კომენტარები მედიისთვის
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ქართულ მედიას ესაუბრა. სხვა საკითხებთან ერთად, მას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებაც ჰკითხეს.
საქართველოს არჩევნებს მიესალმა, მოლდოვის კი გააკრიტიკა
ქართველმა ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს არჩევნების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაზე ჰკითხეს. მან კიდევ ერთხელ შეაქო 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგები და განაცხადა, რომ ამ არჩევნებმა გადაწყვიტა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. მისი თქმით, ოპოზიციის წარუმატებლობა „გადამწყვეტი“ იყო საქართველოსთვის ევროპული გზის გასაგრძელებლად.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში შეყვანის გეგმები და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
კითხვაზე, თუ რატომ გაიმართა მასთან ასეთი მცირე რაოდენობის შეხვედრები და არც გამარჯვება მიულოცეს „ქართული ოცნებას“, განსხვავებით მაია სანდუსგან, რომელსაც სამიტის მონაწილეთა უმეტესობამ მიულოცა, კობახიძემ დაგმო მოლდოვას ბოლო არჩევნები და რეფერენდუმი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხმის მიცემის ფარულობა არა საქართველოს არჩევნებზე, არამედ მოლდოვასა და აშშ-ის არჩევნებზე დაირღვა. მან დასძინა, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდა.
მისი თქმით, არსებობს „ორმაგი სტანდარტებისა“ და „უსამართლობის“ პრობლემა. კობახიძემ განაცხადა, რომ მოლდაველების მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, რომ მოლდოვა არის დსთ-ის წევრი, საქართველოსგან განსხვავებით. მან სინანული გამოხატა, რომ ევროკავშირს განსხვავებული მიდგომები აქვს საქართველოსა და მოლდოვის მიმართ.
მისი თქმით, „ზოგიერთ ადამიანს“, რომელთა ვინაობაც მან არ დაასახელა, სურს ხელისუფლებაში წინა მთავრობა დააბრუნოს.
უცხოელი აგენტების შესახებ და ანტი-ლგბტ კანონების გაუქმებას „კონკრეტული არგუმენტები“ სჭირდება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა დასავლელი ლიდერების მოთხოვნებზე, რომ უნდა გაუქმდეს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და ანტი-ლგბტ კანონმდებლობა, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს.
„თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები ამ კანონთან [ანტი-ლგბტ] დაკავშირებით, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, რომელი ნორმა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „უნდა გავარკვიოთ საბოლოო ჯამში კაცი კაცია, თუ არა, ქალი ქალია, თუ არა, ამაზეა საუბარი ელემენტარულად, რომ ასეთი საკითხები მყარად იყოს გაწერილი“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ასე არ არის, ნებისმიერ მამაკაცს, მთელ რიგ ქვეყნებში შეუძლია უცბად გადაეწეროს ქალად, მერე დაბრუნდეს კაცად, ეს არის უზრუნველყოფილი არაერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობით. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სრული სიმახინჯე, აქედან გამომდინარე, გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც ასეთი განვითარებისგან დაიცავს ჩვენს ქვეყანას“.
რაც შეეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, მან გაიმეორა, რომ კონკრეტული არგუმენტებია საჭირო, თუ რატომ უნდა გაუქმდეს კანონი. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
სამიტზე განსაკუთრებით შესამჩნევი იყო უკრაინისა და საქართველოს დელეგაციებს შორის ურთიერთობის ნაკლებობა.
ტელეკომპანია „მთავარმა“ ისარგებლა მომენტით და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრა. მან ტელეკომპანიას უთხრა, რომ „სამწუხაროა [რომ] დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან“.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მან განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს მიესალმა, მაგრამ მასთან საუბარი არ ჰქონია.
პრეზიდენტი სამიტს არ დაესწრო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამიტზე დამსწრე ევროკავშირის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა.
6 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სამიტის დაწყებამდე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას, პორტუგალიის პრეზიდენტს მარსელუ რებელუ დე სოზას, ლატვიის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს, ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს.
საუბრის შინაარსი არ გახმაურებულა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)