ახალი ამბები

მეთიუ მილერი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს

6 მაისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განიხილავს, „საქართველოს სახიფათო გზაზე დააყენებს, […] საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“. პრესპიკერმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ამ საკითხებზე ზეწოლას, მაგრამ მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ასეთ კანონს.

პრესსპიკერმა მილერმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმ სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს და სადავო კანონპროექტის მხარდამჭერ სხვა ქართველ დეპუტატებს დაუწესოს.

მან ხაზი გაუსვა განსხვავებას აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტსა (FARA) და კრემლის მიერ ინსპირირებულ ქართულ კანონს შორის და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ, ქართული კანონისგან განსხვავებით, ის არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, ჰუმანიტარულ საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას. მან გაიმეორა, რომ ეს ორი კანონი სრულიად განსხვავებულია და მათ შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს.

მიუხედავად დასავლეთის მუდმივი მოწოდებებისა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, მმართველი უმრავლესობა საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო, მესამე მოსმენა მაისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button