
სახდეპი: ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს იყენებენ
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის საქართველოს მარშრუტს იყენებენ ოპიოიდების და სინთეზური ნარკოტიკების ევროპიდან ისეთ ქვეყნებში გადასაზიდად, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, საქართველო გლობალური ნარკოვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად რჩება, განსაკუთრებით, სატრანზიტო პუნქტად იმ ოპიატებისა და სინთეზური ნარკოტიკების გადაზიდვისთვის, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მიედინება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარებოდა და ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ქვეყანას სამართალდამცავი შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში. 2023 წელს ეს დახმარება მოიცავდა სპეციალიზებულ ტრენინგებს ნარკოტიკების ტრანსსასაზღვრო კონტრაბანდის გამოვლენასა და პრევენციაში, მგზავრთა იდენტიფიკაციასა და სკრინინგს, ფულის გათეთრების გამოვლენას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის აპრილში აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ამავე წლის მაისში აშშ-ის მხარდაჭერით, ირანიდან კიდევ ერთი ტვირთი იქნა იდენტიფიცირებული საქართველოს ფოთის პორტში, რის შედეგადაც დამატებით 80 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური ნარკოტიკების საფრთხის შემცირებას, და ხელი მოაწერა შეთანხმებას ნარკოტიკებისა და ნარკომანიის ევროპის მონიტორინგის ცენტრთან.
პროგრესის მიუხედავად, გამოწვევები რჩება, ნათქვამია ანგარიშში. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება, რადგან ოპიოიდების ჩანაცვლების გრძელვადიანი სამედიცინო პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში შეუმუშავებელი რჩება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/08/2023 – სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს ნარკოპოლიტიკის ტენდენციებს 2022 წელს
- 14/02/2023 – ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
- 02/12/2021 – პარლამენტი ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობისთვის სასჯელს ამკაცრებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)