
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 16 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, უაით ტოლკეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს“.
„აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.
„მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, – აცხადებს სამინისტრო.
This post is also available in: English