ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2023 წლის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა დასახელებული.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა, საქართველოს ზეგავლენის ბერკეტების მოპოვენისა და ქვეყანაში მათ ინტერესებში შემავალი პროცესების ინიცირების მიზნით. ანგარიშში ასევე ნახსენებია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მიზნით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა 2023 წელს დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, გლობალური მასშტაბით შეაფერხა ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარება, გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების შენარჩუნებისა და გაღრმავების ალბათობა“.

ოკუპირებული ტერიტორიები

2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად ახორციელებდა უკანონო სამხედრო აქტივობებს, მათ შორის უკანონო სამხედრო წვრთნებსა და პირადი შემადგენლობის როტაციას. რუსეთ-უკრაინის ომში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ე.წ. მოხალისეებსაც.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთი ოკუპირებული რეგიონების რუსიფიკაციის პოლიტიკას ატარებდა და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს იყენებდა. „აღნიშნულის ნათელი გამოვლინებაა, ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში „ რუსული უნივერსიტეტის მეშვეობით, იდენტური ე.წ. საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ღია განათლების ცენტრებში მასწავლებლებს, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს რუსულ ენასა და მის ეფექტურად გამოყენების მექანიზმებს შეასწავლიან. საგულისხმოა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, აღნიშნულის პარალელურად, 2023 წელს რუსეთის ისტორიული საზოგადოების „განყოფილება“ გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაზე აფხაზი და რუსი ისტორიკოსები ერთობლივად იმუშავებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 37, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი. 2023 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. 2023 წელს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე მოკლეს, ერთი ცხინვალში – თამაზ გინტური, და მეორე აფხაზეთში – თემურ კარბაია.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და მკვლელობები „დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს“.

2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 39, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 3 შემთხვევა.

აფხაზეთი

ანგარიშში რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზეა საუბარი და მათ შორის დასახელებულია ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი. „აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებბლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ურთიერთობას“ დააზიანებდა.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ხშირ შემთხვევაში წინ უძღოდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრა რუსეთის მთავრობის წევრებთან, როგორც ეს მოხდა ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზირების პუნქტის“ შექმნის შესახებ გეგმის ფარგლებში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხი და აღნიშნულია, რომ ეს იქნება რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებისთვის.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ანექსიის პოლიტიკას ემსახურება ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის შემუშავება, რომლითაც, დოკუმენტის თანახმად, შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უმრავი ქონების შეძენა და „მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის“ შექმნა.

2023 წელს განხორციელდა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ დამოკიდებულებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონის „ტვირთბრონვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი. „2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 159 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის დაახლოებით 41% (დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. ამის მიზეზი რუსული გავლენის გაზრდა და აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის კონტაქტების შემცირება იყო.

ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსია მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა 2023 წელს, რადგან პერიოდულად იდგა რუსეთთან მიერთების საკითხი. ანგარიში ციტირებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერს ალან გაგლოევს, რომლის თქმითაც ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობა თავს „რუსეთის ნაწილად“ მიიჩნევს.

საანგარიშო პერიოდში შეინიშნებოდა როსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთის ცნების დამკვიდრების მიზანმიმართული მცდელობა, რაც მიზნად ისახავდა თრუსოს ხეობის კონფლიქტის ნაწილად ქცევას, ხოლო საქართველოს „აგრესორად“ წარმოჩენას, რომელმაც თითქოს „მიიტაცა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები.

დოკუმენტის თანახმად, ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 78% (დაახლოებით 83,2 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს განიხილებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხი.

სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვითი საქმიანობა

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დინამიკამ გაზარდა შეიარაღებული კონფლიქტის დროში გაჭიანურების საფრთხე, რამაც დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უსაფთხოების გარემოზე განსაკუთრებით ზ%ემოქმედებდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ პერიოდულად გაკეთებული განცხადებები.

„საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეული იყო პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სუს-ი აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმებოდა „უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით“, რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და პირთა ჯგუფები განაგრძობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, სტრატებიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დაზიანების, საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესების მცდელობებს.

„უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კვლავ წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, ასევე, მათ მიერ შექმნილ ჯგუფებში პოზიციების მოპოვება და განმტკიცება, რაც საქართველოს ხელისოფლებაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო დესტრუქციული პროცესების ინსპირირებისთვის, მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ წიადაგზე შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც ეს პირები ადგილობრივ მედიასა და ცალკეულ ჯგუფებთან ცდილობდნენ ურთიერთობის დამყარებას, რათა შემდეგ ისინი საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებიბათ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები. ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესის სფეროში შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა.

დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომი

2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის ე.წ რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადახვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება. „საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, ასევე სოციალური ქსელების და ინტერნეტსივრცის გამოყენებით, მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება რბილ ძალას და ფარულ ოპერაციებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული ცალკეული სახელმწიფოების სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინთ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის კულტურის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან სამოქალაქო აქტივისტებთან, ექსპერტებსა და პირთა ჯგუფებთან, რომლებიც „ცდილობდნენ საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსისა და იდეოლოგიის პროპაგანდას, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის შეგროვებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას“.

ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება

ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეები და გამოწვევები 2023 წელს უცვლელი დარჩა. ეს მოიცავდა საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად დაეშთან და ალ-ქაიდასთან ერთად იბრძვიან სირიასა და ერაყში, საერთაშორისო ტერორისტების შემოსვლა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გამოყენება სატრანზიტო მიზნით, საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების მცდელობები და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაქირავება.

სუსი აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ტერორისტული აქტები არ მომხდარა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობა საგრძნობლად შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა მძიმე და საშუალო სირთულის 140 კიბერინციდენტზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოები) წინააღმდეგ, ნათქვამია დოკუმენტში.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

2023 წელს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button