დემოგრაფიასთან დაკავშირებული წუხილები და აფხაზეთის „აპარტამენტების შესახებ კანონის“ გარშემო არსებული უთანხმოება
რა მოხდა?
აფხაზეთის ყოფილმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 18 ივლისს სერიოზული შეშფოთება გამოხატა „აპარტამენტების შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე და განაცხადა: „ჩვენ ისტორიაში უკვე გვქონდა აპარტამენტები. როგორ ტკბილადაც არ უნდა მღეროდნენ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩამოვლენ და შეიძენენ აპარტამენტებს, არ იმოქმედებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესებზე, ეს ყველაფერი ტყუილია“.
რას წარმოადგენს „კანონი აპარტამენტების შესახებ“?
დღემდე, უცხოელებს აფხაზეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის უფლება არ ჰქონდათ. თუმცა, ახალი „კანონი აპარტამენტების შესახებ“, მიღების შემთხვევაში, ამგვარ აკრძალვას აუქმებს. 3 თებერვალს, ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ გამოაქვეყნა სადავო კანონპროექტი „აპარტოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“. აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება აფხაზეთში დროებითი განთავსების ობიექტებთან, კერძოდ კი აპარტამენტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულირების არარსებობამ განაპირობა.
კანონპროექტით აპარტამენტს აქვს კომერციული შენობის სტატუსი, რომელიც შესაძლოა ფიზიკური და იურიდიული პირის კერძო საკუთრებაში იყოს. თუმცა, ამავდროულად, კანონი აპარტამენტების გამოყენების შეზღუდვასაც ითვალისწინებს, რაც ეხება პირადი მიზნით იქ დროებით ყოფნას, ან მოგების მიღების მიზნით სხვა პირთა დროებით განთავსებას ანაზღაურების სანაცვლოდ. კანონპროექტი კომუნალური ხარჯების, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე აპარტამენტის მესაკუთრის ვალდებულებებსაც ადგენს. კანონპროექტი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს უცხოელების მიერ ბინების მფლობელობაზე და ბინების შეძენა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც „აფხაზეთის სუვერენიტეტს პატივს სცემენ“, ხოლო პირებს, რომლებიც „სამხედრო მოქმედებებში ან აფხაზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილებდნენ“, ეს უფლება შეეზღუდებათ. ამასთან, უცხოელი მესაკუთრეები ბინადრობის უფლებას ან მოქალაქეობას ვერ მიიღებენ. ამ კანონის დახმარებით, დე-ფაქტო „მთავრობა“ ინვესტიციების მოზიდვას, შემოსავლების ზრდასა და ახალი გადასახადების მეშვეობით აფხაზეთის მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ცდილობს.
რატომ არის კანონი სადავო აფხაზებისთვის?
კანონის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი უშუალო მოქალაქეობას არ ანიჭებს, არსებობს გარკვეული ხვრელები, რათა აპარტამენტების მესაკუთრეებმა აფხაზური პასპორტები მიიღონ, თუკი ისინი ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად დარჩებიან, რამაც შესაძლოა დემოგრაფიული ბალანსი დაარღვიოს. ისინი “ისტორიულ ფაქტებს” მოიშველიებენ და 1939-1959 წლების მიგრაციულ პროცესებთან მსგავსებაზე მიუთითებენ, როდესაც ეთნიკურად ქართველი კოლმეურნეები და მათი ოჯახები დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან აფხაზეთში ჩავიდნენ. ამან „აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობაში მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებები გამოიწვია“, რაც ოპონენტების აზრით, ახალი კანონის შესაძლო შედეგების თაობაზე მათ წუხილებს ამყარებს.
ადგილობრივმა ჟურნალისტმა, ინალ ხაშიგმა განაცხადა, რომ „უცხოელებისთვის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, რომელიც რეგულარულად განიხილება საზოგადოებაში“, ვინაიდან აფხაზები შიშობენ, რომ „საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში აღმოჩნდებიან“. თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, კვლავ ხდება საცხოვრებლის უკანონოდ მიყიდვა უცხოელებისთვის, ძირითადად რუსებისთვის.
ხაშიგი აღნიშნავს, რომ „დროდადრო კრემლი ღიად მიანიშნებს აფხაზეთის მთავრობას, რომ აკრძალვა უნდა მოიხსნას. აქამდე, ეს არ მომხდარა, თუმცა, როგორც ჩანს, “ქარის მიმართულება იცვლება“. მისი თქმით, „დემოგრაფიული ბალანსის“ დარღვევის გარდა, კანონის მოწინააღმდეგეები სხვა წუხილებსაც გამოთქვამენ:
- კორუფციის ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, საუკეთესო მიწები, მათ შორის ბუნებრივი რესურსები, გამოყენებული იქნება ახალი ბინების ასაშენებლად;
- საცხოვრებლის ფასები მკვეთრად გაიზრდება და ის აღარ იქნება ხელმისაწვდომი “აფხაზეთის მოქალაქეების” უმეტესობისთვის;
- ბინების რეალიზაცია უარყოფითად აისახება როგორც დიდი სასტუმროების, ისე პატარა სასტუმრო სახლების მუშაობაზე. ანუ ტურიზმის ინდუსტრიაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესი შეიძლება დაზარალდეს.
- გაუჭირდება ადგილობრივ სამშენებლო ბიზნესსაც, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონკურენცია გაუწიოს უცხოურს [რუსულს], რომელსაც აფხაზეთის „ხელისუფლება“ სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათებით წაახალისებს.
რა რეაქცია მოჰყვა ბოლო დროს კანონპროექტს?
აფხაზების უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონპროექტს. 30 ივნისს საზოგადო მოღვაწეებმა ე.წ. „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარის, ლევან მიკას ხელმძღვანელობით კანონპროექტთან დასაპირისპირებლად საზოგადოებრივი საბჭო შექმნეს. მანამდე, 30 მაისს აფხაზურმა ოპოზიციამ „სახალხო აქცია“ გამართა „აპარტამენტების შესახებ კანონის“ გასაპროტესტებლად. 5 მაისს მსგავსი აქციის დროს სოხუმში პოლიციამ ახალგაზრდა მომიტინგეები დააკავა.
საპროტესტო აქციები ცოტა ხნის წინ განახლდა.
- თურქეთში მოქმედმა ორგანიზაციამ „აფხაზ ხალხთა ინიციატივამ“ 13 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აფხაზ ხალხსა და მხარდამჭერებს აფხაზეთის მომავლის დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდა. ორგანიზაცია „აპარტამენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ გამოდის, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის ეროვნულ სუვერენიტეტს, კულტურულ მემკვიდრეობას და დემოგრაფიულ ბალანსს.
- ადგილობრივი ორგანიზაცია „არუაა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ კანონპროექტს და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს „აფხაზეთში ეროვნული უსაფრთხოებისა და ეთნოპოლიტიკური წონასწორობისთვის პოტენციური საფრთხის გამო“. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის“ მსხვერპლს და უაზრო გახადოს „აფხაზების მიერ თვითგამორკვევისკენ მიმართული ძალისხმევა“.
- 17 ივლისს კავკასიის ასოციაციების ფედერაციამ (KAFFED) სერიოზული შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში ინიცირებული კანონპროექტის თაობაზე.
როგორია დე-ფაქტო ხელმძღვანელობის რეაქცია?
მიუხედავად მზარდი წინააღმდეგობისა, 12 ივლისს ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დაავალა „პარლამენტს“, რომ სწრაფად მიიღოს სადავო კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ, რაც ზოგიერთმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოზე არასათანადო ზეწოლის მცდელობად მიიჩნია.
იმავდროულად, 18 ივლისს, „მთავრობის“ მეთაურმა, ალექსანდრ ანქვაბმა უარყო შეშფოთება კანონპროექტის თაობაზე და აღნიშნა, რომ ოპონენტებმა უმჯობესია აფხაზეთის წინაშე არსებულ „ნამდვილ დემოგრაფიულ საფრთხეებზე“ გაამახვილონ ყურადღება, მათ შორის დაავადებებზე, როგორიცაა COVID-19 და გზებზე სიკვდილიანობის შემთხვევებზე. მან შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, რითიც უარყო არგუმენტები, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობის დინამიკას ტურიზმსა და სასტუმროებს უკავშირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოგრაფიული გამოწვევები სადღაც სხვაგანაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)