ახალი ამბები

სუს-მა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს 2021 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და საფრთხეებს აფასებს და სამსახურის პრიორიტეტებს მიმოიხილავს.

ანგარიშში მთავარ გამოწვევებად დასახელებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა, უცხოური დაზვერვის სამსახურების საქმიანობა და საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ საქმეებში მათი ჩარევის მცდელობა.

რუსული ოკუპაცია 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები „საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას“.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციამ განაგრძო ორი რეგიონის ანექსიის პროცესი, რაც გამოიხატებოდა აფხაზეთის სოფელ აიბგაზე ტერიტორიული პრეტენზიების გამოხატვაში, ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში, „ერთიან ოსეთზე“ მოლაპარაკებებში, რუსეთთან „საზიარო სუვერენიტეტის“ შესახებ აფხაზეთის ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებებში და რეგიონის მთავარი დიპლომატის, ინალ არძინბას მცდელობაში, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობები შეზღუდოს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში თვითნებურად დააკავეს საქართველოს 70 მოქალაქე, ხოლო აფხაზეთში – 11 მოქალაქე.

საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთში „ბორდერიზაციის“ 9 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ცხინვალის რეგიონში – 130.

დოკუმენტში ასევე საუბარია ცხინვალის ხელისუფლების მიერ დანარჩენ საქართველოსთან გამშვები პუნქტების დახურვაზე, რამაც რეგიონის „სრული იზოლაცია“ გამოიწვია. „რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, საოკუპაციო ხაზი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე ცალმხრივად, საოკუპაციო ძალის მიერ იყო დაკეტილი“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდებოდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელი „მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით“ იყო დატვირთული, რაც გამოიხატებოდა როგორც რეგიონის ქვეყნების საზღვრებთან ან/და უშუალოდ მათ ტერიტორიებზე ინტენსიური სამხედრო წვრთნების ჩატარებაში, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ღია განცხადებებსა და რიგ შემთხვევებში, „სხვადასხვა საკითხის გარშემო გაჟღერებულ ულტიმატუმებში“.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოსთვის გამოწვევად რჩებოდა საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები“.

ამას გარდა, უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „მტრული და დესტრუქციული ქმედებებისა და მცდელობების, პროვოკაციული ღონისძიებებისა და გეგმების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას“.

„აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამსახურმა აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის, სამხედრო საკითხები და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

დესტაბილიზაციის მცდელობები

სუს-ის განცხადებით, გარე აქტორები „საკუთარი იდეოლოგიური, რელიგიური და ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზებისთვის“, სხვა რესურსებთან ერთად, იყენებდნენ როგორც მათდამი ლოიალურად განწყობილ საქართველოს, ისე ქვეყანაში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს დაზიანებით დაინტერესებული ძალები, საკუთარი აქტივობების განხორციელებისას, მიზნად ისახავდნენ საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმითა და პლატფორმების, მათ შორის, სოციალური ქსელებით, ვებგვერდებით, ინტერნეტტელევიზიითა და ტელემაუწყებლობით გააქტიურება. სუს-ის ცნობით, მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდაც.

უწყების განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოძიებაც დაიწყო. აღნიშნულში, სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ჩართულობით, „ხელისუფლების დამხობის მიზნით“ შესაძლო „შეთქმულების“ საქმე მოიაზრება.

დეზინფორმაცია

დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკურად დაინტერესებული და ანგაჟირებული პირები სამსახურის მისამართით ავრცელებდნენ აბსურდულ და დამაზიანებელ ბრალდებებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლობისა და სამსახურის ხელმძღვანელი პირების უკანონო კომერციულ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილეობის შესახებ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გასულ წელს, სავარაუდოდ, სუს-დან გამოჟონილი ფაილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება „საკმაოდ დამაზიანებელი“ იყო და „საკითხის უკიდურესად პოლიტიზება და სამართლებრივი სივრციდან მიზანმიმართულად გატანა, ემსახურებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალების სუბიექტურ პოლიტიკურ დღის წესრიგს“.

კიბერუსაფრთხოება და ტერორიზმი

სუს-ის განმარტებით, 2021 წელს საქართველოში სამიზნე იყო კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, „სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელებისა და სერვისების მიწოდების პროცესში გამოყენებული ინფორმაციული სისტემები და ტექნოლოგიები“.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში ტერორისტული აქტი არ დაფიქსირებულა, ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორიზმის დაფინანსების ან სხვაგვარი დახმარების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button