აშშ-ის ელჩი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე და FARA-სთან მსგავსებას გამორიცხავს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თაობაზე და განაცხადა, რომ „ის ამერიკული კანონის მსგავსი არ არის“. მან ეს განცხადება ხაშურში ამერიკული კუთხის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„თუ ყველა თქვენმა დასავლელმა პარტნიორმა და მეგობარმა განაცხადა, რომ მათ სერიოზული წუხილები გააჩნიათ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ხოლო თქვენი ოკუპანტი მიესალმა მას, თქვენ უნდა დაინტერესდეთ, კარგია თუ არა ის თქვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი საერთოდ არ არის “ამერიკული კანონის” (მხედველობაში ჰქონდა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი – Foreign Agents Registration Act (FARA)) მსგავსი. „ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ელჩმა დანიგანმა და დასძინა, რომ „ჩვენი კანონი დარეგისტრეირებას მოითხოვს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირებისგან, რომლებიც ლობირებას ეწევიან, რომლებსაც ფულს უხდიან უცხოური მთავრობების სახელით უცხოური მთავრობების ინტერესების ლობირებისთვის. ეს სრულიად განსხვავებული კანონია“.
მან გაიმეორა, რომ აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა კანონპროექტის თაობაზე „როგორც საჯაროდ, ისე პირადად“. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს და ასევე შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ ის უარყოფითად იმოქმედებს სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, აკეთონ მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ისინი ქართველი ხალხის დასახმარებლად ყოველდღიურად აკეთებენ“.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის ბოლო 30 წლის მანძილზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისკენ, სამედიცინო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის პროფესიული სწავლების უზრუნველყოფისკენ, მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული. „ეს არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყნებს, რათა გაძლიერდნენ, განვითარდნენ, ეკონომიკურად აყვადნენ და საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. ელჩმა დასძინა, რომ ის „ამაყობს“ აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოსთვის, ასევე იმ სამოქალაქო საზოგადოებით, რომელმაც ეს დახმარება განახორციელა.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/04/2024 – ჯეიმს ობრაიენი: ახალი კანონმდებლობა „საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის“
- 09/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 09/04/2024 – მეთიუ მილერი: რუსული კანონის წინსვლის შემთხვევაში, „თვალი ადევნეთ“ შესაძლო ქმედებებს
- 06/04/2024 – ჰელსინკის კომისია: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის თვითსაბოტაჟია
- 05/04/2024 – მეთიუ მილერი: ‘ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს’
- 04/04/2024 – ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის განცხადება „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)