ახალი ამბები

OECD და ადგილობრივი არასამთავრობოები საქართველოს OECD-ს პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 14 მარტს საქართველოს მოუწოდა, ხელახლა შეუერთდეს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის (IAP) კოლეგიალური შეფასების პროგრამას მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველომ მონიტორინგის მე-5 რაუნდიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. პროგრამის ფარგლებში, OECD აქვეყნებს ანგარიშებს, რათა შეაფასოს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების – უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და (მანამდე საქართველოს) ძალისხმევა ანტიკორუფციული რეფორმების წინსვლისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად შესაბამისი სფეროების გამოსავლენად.

ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის (IAP) კოლეგიალური შეფასების პროგრამას ანგარიში აფასებს ანტიკორუფციულ რეფორმებს შემდეგ სფეროებში: ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლო დამოუკიდებლობა, პროკურატურის დამოუკიდებლობა, კორუფციულ დანაშაულებზე რეაგირება, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტები, ბიზნესის კეთილსინდისიერება, საჯარო შესყიდვები, მამხილებელთა დაცვა, ინტერესთა კონფლიქტი და ქონებრივი დეკლარაციები.

„ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდი საშუალებას აძლევს ქვეყნებს შეაფასონ თავიანთი პროგრესი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით და ასევე ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას უწყობს ხელს. საქართველომ, ერთ დროს რეგიონში ანტიკორუფციული რეფორმების ლიდერმა, უარი განაცხადა მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. OECD მოუწოდებს საქართველოს გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და ხელახლა შეუერთდეს კოლეგიალური შეფასების პროგრამას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად“, – ნათქვამია OECD-ის განცხადებაში.

18 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. მათი თქმით, მთავრობამ OECD/ACN პროცესის შეფერხება ჯერ კიდევ 2021 წელს სცადა, როცა მე-5 რაუნდის საპილოტე ანგარიში მზადდებოდა. „ანტიკორუფციული რეფორმების, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის კომპონენტში კრიტიკული შეფასების მიღების გამო, მთავრობა ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებოდა. 2023 წელს კი, საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად, უარი თქვა მონიტორინგის რაუნდში მონაწილეობაზე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ საქართველო დაუბრუნდებოდა ამ პროცესს, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა. „საქართველოს მეოთხე წელია არ აქვს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეროვნულ დონეზე ფაქტობრივად გაჩერებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით, საქართველოს OECD/ACN-ის პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს ევროკომისიაც. „2023 წლის ნოემბერში მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისია საქართველოს მთავრობისგან მოელის OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და ასევე, წინა მონიტორინგის რაუნდების რეკომენდაციების სრულად განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია, დაუბრუნდეს OECD/ACN-ის პროცესს და არ შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და მმართველობის მონიტორინგის ცენტრი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button