ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია“.

2023 წლის ინდექსს თან სდევს საქართველოს მიერ მიღებული ქულის ანალიზიც, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება. ანალიზის თანახმად, „საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე“. ანალიზში ხაზგასმულია, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, სადაც „სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს“.

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 2023 წლის ინდექსში საქართველო 49-ე ადგილზეა კვიპროსთან, გრენადასა და რუანდასთან ერთად.

2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებდა ჩეხეთთან, იტალიასა და სლოვენიასთან ერთად.

2021 წელს, საქართველოს 55 ქულა ჰქონდა და რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო ბოტსვანასთან, დომინიკასა და ფიჯისთან ერთად.

2020 წლის კვლევაში, საქართველო 56 ქულით 180 ქვეყენას შორის 45-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2019 წელს ქვეყანას 56 ქულით 44-ე ადგილზე იყო.

2012 წლის შემდეგ, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მეტი სიზუსტის უზრუნველსაყოფად მეთოდოლოგია შეცვალა, საქართველომ უმაღლესი ქულა (58) 2018 წელს მიიღო და 180 ქვეყენას შორის 41-ე ადგილი დაიკავა.

ანალიზში ასევე საუბარია მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ „დაბრუნებაზე“ აქტიურ პოლიტიკაში, რაც „კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში“. „ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია“, – ნათქვამია ანალიზში. „მიუხედავად იმისა, რომ ახალი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნა ევროკავშირის მოთხოვნით, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება, რათა მაღალი დონის დაუსჯელ კორუფციასთან გამკლავება შეძლოს. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა „ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად“. ორგანიზაციის თქმით, 2024 საპარლამენტო არჩევნების წელია, რაც  კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ინსტიტუციების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით.

შესაბამისად, ორგანიზაციის თქმით, აუცილებელია:

  • უზრუნველყოფილ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა. ის უნდა აღიჭურვოს გამოძიების უფლებით და შეიცვალოს მისი უფროსის არჩევის წესი, რათა პრემიერმინისტრის ნაცვლად, ის დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
  • გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა, რომლის შედეგადაც სასამართლო სისტემიდან წავლენ არაკეთილსინდისიერი და სანქცირებული მოსამართლეები;
  • შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა პროკურატურა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან და დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
  • გატარდეს რეალური დეოლიგარქიზაცია და საჯარო დაწესებულებები გათავისუფლდეს ოლიგარქიული გავლენისგან;
  • გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ კორუფციის კონტროლი საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით;
  • ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საგამოძიებო მედიის მუშაობას, როგორც ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის განუყოფელ ნაწილს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button