ახალი ამბები

ვენეციის კომისია: ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა არსებული სახით არასაკმარისია

2023 წლის 15-16 დეკემბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, რომელიც საქართველოს ანტიკორუფციულ კანონმდებლობასა და 2022 წლის ნოემბერში ანტიკორუფციულ კანონში შეტანილ დებულებებს ეხება, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ „არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს“.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ბიუროს კომპეტენციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ზედამხედველობისა და მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციებისა და ინტერესების მონიტორინგის კუთხით საჭიროებს დამატებით გარანტიებს, რომლებიც კანონში უნდა შევიდეს. კომისია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნისა და გადაყენების უფლებამოსილება ძირითადად პრემიერ-მინისტრის ხელშია და ამას „განსაკუთრებით პრობლემურად“ მიიჩნევს.

აღნიშნავს რა, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოს ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურ გაძლიერებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტის შესასრულებლად, ვენეციის კომისია თავს იკავებს ევროკავშირის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისგან. მიუხედავად ამისა, ის აცხადებს, რომ „სხვადასხვა პრევენციული ანტიკორუფციული ფუნქციების ბიუროში გაერთიანება არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს, რომელიც მაღალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლას გულისხმობს“.  

მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ „დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერატიული ავტონომიის სათანადო დონით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს პოლიტიკური ან სხვა გავლენის თავიდან ასაცილებლად, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოებისთვის ფუნდამენტურ მოთხოვნად განიხილება“.

დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა, რომ:

  • კანონი შეიცვალოს და ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო, და მისი დანიშვნა მოხდეს ან პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობას) ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგალითად, ორმაგი უმრავლესობით, რომელიც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან), და ასევე – იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე – ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა;
  • კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რითიც შეიზღუდება გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია, კერძოდ, „მოვალეობის შეუსრულებლობის“ საფუძველი ფიზიკური ან გონებრივი ქმედუუნარობის ჩვეულებრივი შემთხვევებით შემოიფარგლოს და დაზუსტდეს დებულებები ნასამართლობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და შეუთავსებლობის შესახებ.

გარდა ამისა, რეკომენდებულია 2022 წლის ნოემბრის დებულებების ზოგიერთი სხვა ელემენტის გადახედვა, კერძოდ:

  • განხილულ იქნას ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეებისთვის ფუნქციური იმუნიტეტის უზრუნველყოფა;
  • ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობის მიმართ პროფესიული მოთხოვნების ამაღლება;
  • თანამდებობის პირების სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ დებულებების დაზუსტება ან/და საერთოდ ამოღება კანონიდან; ამასთან, კანონიდან უნდა წაიშალოს ნარკოტესტის შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნა და უზრუნველყოფილი უნდა იქნას მკაფიო სამართლებრივი საფუძველი თავად ბიუროს ხელმძღვანელის ტესტირებისთვის;
  • მიღებულ იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიურომ განახორციელოს ქონების დეკლარაციების არსებითი შემოწმება და დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის გარდა, გამოიყენოს რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რათა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი დეკლარაციების შეფასება თანამდებობის პირების კანონიერ შემოსავლებთან მიმართებაში, გამოავლინოს დაუსაბუთებელი სიმდიდრის შემთხვევები ან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი;
  • კანონში მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე ზუსტი და მკაფიო მინიშნებები შეიტანოს;
  • განსაზღვროს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს როლი უფრო მეტი სიცხადით და სიზუსტით, რათა არ მოხდეს ბიუროს ფუნქციების დუბლირება და მოიხსნას ბიუროს ანგარიშვალდებულება უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე; ამასთან ბიუროს უფლებამოსილება უნდა მიეცეს, რომ საკუთარი მრჩეველთა საბჭო შექმნას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button