ახალი ამბები

არასამთავრობოები ოლივერ ვარჰეის საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე შუალედური შეფასების მომზადებას სთხოვენ

თორმეტმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 4 მარტს ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის თხოვნით მიმართა, რომ განიხილოს საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადების შესაძლებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამგვარი შეფასება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება გაზარდონ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხი, რეფორმების პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა და განახორციელონ ეფექტიანი ზედამხედველობა.

ერთობლივი მიმართვის ასლები ასევე გადაეგზავნათ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და პოლიტიკის განხორციელების პროცესში კვლავ  ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება. ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ აქტიური როლი შეასრულონ და წვლილი შეიტანონ საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე და „ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება სრულად აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაში“.  

რაც შეეხება ევროკომისიის 2023 წლის შუალედურ ზეპირ ანგარიშს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მან „დადებითი როლი ითამაშა და ბიძგი მისცა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას“.

„თქვენი ხელშეწყობა ამ საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი საერთო მიზნების რეალიზაციაში“, – ნათქვამია მიმართვაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button