skip to content
ახალი ამბები

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს სტუმრობენ

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი 9 აგვისტოსადან ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობენ. ისინი უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. სენატორი და კონგრესმენი ასევე გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

თბილისში აშშ-ის საელჩოს პრესრელიზის თანახმად, ვიზიტი ცხადყოფს, რომ „შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მოახლოებულ არჩევნებზე, რუსულ ოკუპაციასა და ჰიბრიდულ ომზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მათ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში იმის საჩვენებლად, რომ ისინი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და განვითარებას“.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც „მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს“. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზიდენტის პირად ძალისხმევას საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის გზაზე.

„სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც ,,რუსული კანონია“, რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში, რომლის თანახმადაც საუბარი ასევე შეეხო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს, რა დროსაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ამ არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის  რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ამომრჩევლის მობილიზების მნიშვნელობას და გააცნო ქართული ქარტია, როგორც სამოქმედო გეგმა ევროპული რეკომენდაციების მოკლე ვადაში შესასრულებლად და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იგრძნოს აშშ-ის მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის. 

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ოჩამჩირის პორტის საკითხი. აშშ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

10 აგვისტოს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა „ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა“. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება“.

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, „შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

თუმცა, აშშ-ის საელჩოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ „მათ [აშშ-ის წარმომადგენლებმა] შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო, რამაც გამოიწვია „ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გადადება. მათ ისაუბრეს საქართველოს  უსაფრთხოების უნიკალურ სიტუაციზე და რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ასევე, მტკიცე კავშირებზე და თანამშრომლობაზე, რომელიც ამერიკულ და ქართულ ძალებს შორის გრძელდება. მათ დაადასტურეს შეერთებული შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები“.

შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

10 აგვისტოს საღამოს სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში არაფორმალური შეხვედრა გამართეს მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო  მაქსიმალურად თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შეხვედრისას აშშ-ს წარმომადგენლებმა ქართველი ხალხის მიმართ „სრული მხარდაჭერა“ გამოხატეს. კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო არჩევნებს, როგორ ჩატარდება და რა სახის დახმარებას სთავაზობს აშშ, მაგალითად, არჩევნების მონიტორინგის კუთხით.

„კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სენატორმა და კონგრესმენმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და რომ აშშ „ძალიან ყურადღებით“ დააკვირდება წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოხარულია, რომ მიეცა აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა და რომ აგენტების შესახებ კანონზე არ უსაბრიათ.

შეხვედრა სსო-ების წარმომადგენლებთან

ვიზიგტის ფარგლებში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ სსო-ების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ მიდის წინასაარჩევნო პერიოდი, რას უნდა ველოდოთ არჩევნების დღეს და როგორ მოქმედებს „რუსული კანონი“ სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში.

„საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, როგორ იმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე – ისინი არიან აქ იმიტომ, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და ამას გაესვა კიდეც შეხვედრაზე ხაზი იმიტომ, რომ აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებაა, საქართველოს იყოს ევროპული, დემოკრატიული  სახელმწიფო… მათი მხრიდან არის მაღალი ინტერესი, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული, და ასევე ერთ-ერთი საკითხი იყო რუსული კანონი და მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ამასთან, აშშ-ის საელჩოს პრესრელიზში ნათქვამია: „სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერაში, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია“.

ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. მათ აღნიშნეს, რომ „შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გორის ახალგაზრდულ ცენტრში სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვედრა ჰქონდათ ქართველ სტუდენტებთან და ახალგაზრდა ლიდერებთან. „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრესრელიზში.

ვიზიტის ფარგლებში, სენატორმა და კონგრესმენმა შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჟოლის ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს და ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, რომლებმაც ისარგებლეს აშშ-ის პროგრამებით. „შეერთებული შტატების მთავრობა ამაყობს, რომ წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში და მხარს უჭერს ყველა ქართველის საკეთილდღეო საქმიანობას“, – ნათქვამია საელჩოს პრესრელიზში.

ასევე წაიკითხეთ:

Also Read:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button