ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პროგრესზე მოხსენება წარადგინა
საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ზეპირ მოხსენებაში, რომელიც 21 ივნისს ევროკომისიამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებს წარუდგინა, ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად შეასრულა თორმეტიდან სამი პრიორიტეტი (რომლებიც ეხება გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსდა და სახალხო დამცველის დანიშვნას).
ანგარიშში (სადაც პროგრესის შეფასება დაყოფილია კატეგორიებად „სრული“, „ნაწილობრივი“, „შეზღუდული“ და „არანაირი პროგრესი“) ნათქვამია, რომ საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა შვიდი პრიორიტეტი, რომლებიც ეხება პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და კონტროლს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეზღუდული პროგრესი იქნა მიიღწეული დეოლიგარქიზაციის კუთხით. რაც შეეხება მედია პლურალიზმს, ანგარიშის თანახმად, საქართველომ ამ კუთხით პროგრესს ვერ მიაღწია.
მოლდოვამ სრულად შეასრულა ცხრა პრიორიტეტიდან სამი, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს და ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.
მართალია ქვეყნის მართლმსაჯულების რეფორმის საკითხში ნაწილობრივი პროგრესი შეინიშნება, კიშინიოვისგან ელიან, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამართალწარმოების ეფექტურობაზე, და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე გაამახვილოს ყურადღება.
რაც შეეხება უკრაინას, მან ამ დრომდე სრულად შეასრულა შვიდიდან ორი რეკომენდაცია, რომლებიც სასამართლო რეფორმას და მედიის შესახებ კანონმდებლობას ეხება.
კიევისთვის მიცემულ რეკომენდაციებს შორისაა კონკურენტულ საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონმდებლობის მიღება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედია რეგულაციების ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან და უმცირესობების დაცვა.
რაც შეეხება დანარჩენ ხუთ რეკომენდაციას, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელია და მათ შორისაა „ქვეყნის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის გაძლიერება“ და სამართალდამცავი სისტემის რეფორმა.
უკრაინამაც უნდა შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება კანონმდებლობას დეოლიგარქიზაციისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში შერჩევის პროცედურის დაწყებას.
შუალედური ზეპირი ანგარიში პირველი ინდიკატორია იმისა, თუ რომელ სფეროებში უნდა წავიდეს წინ სამი ქვეყანა მანამ, სანამ ევროკომისია ოქტომბერში გაფართოების პაკეტს და რეკომენდაციებს წარადგენს.
22 ივნისს მოხსენება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს სტოკჰოლმის შეხვედრაზე წარედგინებათ.
ასევე წაიკითხეთ:
17/06/2022- ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)