TI საქართველო: მთავრობის გეგმა არასაკმარისია უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმა იმ 9 პირობის შესასრულებლად, რომელთა შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა, არასაკმარისია ერთ-ერთი პირობის – უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი ამ პირობის შესრულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ მთავრობამ თავის გეგმაში მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება ასახა, რაც „არასაკმარისია ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს „არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება“ და ოპოზიციის როლი კონტროლის პროცესში „ფორმალური ხასიათისაა“.
TI საქართველო აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისათვის მიზანშეწონილია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზირებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით) და შემადგენლობა განისაზღვროს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად;
- ამ სტრუქტურას უნდა ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის წარმომადგენელი და მის წევრებს სრული დაშვება ჰქონდეთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე;
- სპეციალიზირებული სტრუქტურის მაკონტროლებელი მანდატი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყველა სფეროს;
- სპეციალიზირებულ სტრუქტურასთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე.
ორგანიზაციის თქმით, 2023 წლის 13 დეკემბერს მან საქართველოს პარლამენტში წარადგინა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება. თუმცა, წინადადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/02/2024 – DRI: ხელისუფლების სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის ნაწილში არ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნას
- 17/01/2024 – ცესკო-ს 2024 წლის სამოქმედო გეგმას ემიგრანტების ხმების იგნორირების გამო აკრიტიკებენ
- 09/01/2024 – სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელ სამთავრობო გეგმას აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)