skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: ანტიკორუფციული ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ განაცხადა 27 თებერვალს, რომ ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი „არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე“.

ორგანიზაციის თქმით, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის  მინიჭება.

TI საქართველოს ასევე აცხადებს, რომ ინიცირებული ცვლილებები რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ვენეციის კომისიის და არც ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და აუარესებს არსებულ პრაქტიკას. ამ კუთხით, ორგანიზაცია ორ მაგალითს ასახელებს:

  • ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია, 2 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციის წარუდგენლობის საფუძვლით. საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მისი თქმით, ბიუროსთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება როგორც ამ ფორმით, ასევე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
  • თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ბიურო იტოვებს უფლებამოსილებას 2 თვემდე ვადით არ გამოაქვეყნოს დეკლარაცია და არც საჯარო ინფორმაციის ფარგლებში გასცეს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია და დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უგულებელყოფს.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიის დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

  • ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ  საქართველოს პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით ან მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე; ამასთან, ბიურო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რაც შემოთავაზებული ცვლილებებით არ არის გათვალისწინებული.
  • ანტიკორუფციული ბიუროსთვის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილების გადაცემა, რაც ასევე უგულებელყოფილია ინიცირებულ პაკეტში. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის – დეოლიგარქიზაციის მისაღწევად საჭირო კომპონენტიცაა.

TI საქართველო აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული ვერსიის დამტკიცება შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან „ევროკომისიის მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება“.  

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს წარმოდგენილი სახით არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ცვლილებების ამ პაკეტს და მოამზადოს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button