ახალი ამბები

„ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში პრეზიდენტი შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში 26 თებერვალს „გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი თინა ბოკუჩავა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. გარდა ამისა, 25 თებერვალს პრეზიდენტი შეხვდა დეპუტატს პარტია „ლელოდან“ დავით უსუფაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელს თინა ხიდაშელს და მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერს ანა დოლიძეს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვედრებს „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ინიციატივის ფარგლებში მართავს, რომელიც მან 6 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას დააანონსა.

შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები

შეხვედრის კომენტირებისას, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა პირობის შესრულებას. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „გამარჯვების პლატფორმამ“ პრეზიდენტს წარუდგინა თავისი საერთო ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პირობები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მნიშვნელობას.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის საჭირო ზომებს, რაც გადამწყვეტია ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებაზე საუბარი არ ყოფილა.

თინა ხიდაშელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „საქართველოს ევროპულ გზაზე სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯების და განსახორციელებელი რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია კონსენსუსი ვიპოვოთ, ერთიანობა ვიპოვოთ ყველა კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ევროპასთან დაგვაახლოებს. მეორე მხრივ კი, არჩევნებია ჩასატარებელი, რომელსაც სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა სჭირდება, რათა საერთოდ, საარჩევნო პროცესში გამარჯვებულსა და დამარცხებულზე ვისაუბროთ. მზად ვარ, ვიყო სრულად თანამონაწილე“. მან პროცესს „ძალიან ღირებული“ უწოდა და განაცხადა: „ეს არის სამუშაო პროცესი. საწყის ეტაპზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პოზიციების შეჯერება და განწყობების გაზიარება ხდება. ამიტომ კონკრეტულ დოკუმენტზე არ გვისაუბრია“.

ანა დოლიძემ განაცხადა, რომ „ჩვენი ამოცანა იყო, დღეს თავად პრეზიდენტისგან გაგვეგო, რა არის მისი დღის წესრიგი და მისი ხედვა. მოვისმინეთ, რომ ეს იქნება საქმიანი პროცესი, რომლის პირველი ეტაპიც იქნება საერთო დოკუმენტის შედგენა, გეგმის თუ რა ვალდებულებებს ვიღებთ ჩვენ თავზე როგორც პარტიები მას შემდეგ, რაც მოვალთ ხელისუფლებაში. როგორც შევთანხმდით, ჩვენ წავალთ პარტიაში, განვიხილავთ ამ იდეას და ამ პროცესს, რომელიც მან დაგვიზუსტა და შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას თქვენც და ქალბატონ პრეზიდენტსაც”.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button