skip to content
ახალი ამბებიდაწვრილებით

პრეზიდენტმა ბოლო ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებისას ივანიშვილი გააკრიტიკა და ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში ბოლო ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და რიგი აქტუალური საკითხები მიმოიხილა.

პრეზიდენტის მიერ განხილულ თემებს შორის იყო უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის ჰიბრიდული ომი, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და რუსეთის ომი უკრაინაში; ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე მთელი საზოგადოების მობილიზების მნიშვნელობა; ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები და ქვეყნის გარდაქმნა „ცოცხალ. წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ“; ასევე 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში მთავრობას, ოპოზიციას, დიასპორას და ახალგაზრდებს მიმართა.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მიმართა და ჰკითხა მას, წარმოადგენს თუ არა ის გეგმას, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი, როგორ იქნება უზრუნველყოფილი სასამართლო სისტემის რეფორმა, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა.

„თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელის ხსენებასაც იგი მანამდე ყოველთვის ერიდებოდა. მან მიმართა ბიძინა ივანიშვილს, განუმარტოს ქართულ საზოგადოებას, თუ „როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის“.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. „ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -„ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, „ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას“.

საპარლამენტო სხდომას ხელისუფლების, საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წინა ყოველწლიური გამოსვლის მსგავსად, როდესაც პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში შემოვიდა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მას ფეხზე არ წამოუდგნენ.

გამოწვევები – რუსეთის ჰიბრიდული ომი

პრეზიდენტმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა და ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა. „მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კერძოდ, მას მხედველობაში ჰქონდა ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობის თაობაზე რუსეთის გეგმები, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა, სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მშენებლობის გეგმა, ადამიანის უფლებების დარღვევები, მოსახლეობის დაშინება და მკვლელობები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. რაც შეეხება ჰიბრიდულ გამოწვევებს, მან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა, ანტი-დასავლური პროპაგანდა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის განთავსება და სხვა საკითხები დაასახელა, რაც, მისი თქმით, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და კონფრონტაციას ისახავს მიზნად.   

დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2023 წელს დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები არ შემცირებულა. „დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ასევე ახსენა ცვლილებები კანონში ,,ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. „ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არამხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც“.

აღნიშნა რა, რომ ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია“. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა. ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა“.

პრეზიდენტმა საქართველოში კორუფციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“. „რეალურად არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს ევროპული კურსის წინაშე არსებული გამოწვევები

საქართველოს ევროპული კურსის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები“. პრეზიდენტმა „საერთაშორისო  სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებაზეც“ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ყველაფერმა ამან ქვეყნის საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. „დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენს მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ქვეყანას მაინც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. მან ამ კუთხით საზოგადოების როლს გაუსვა ხაზი: „საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი. ხალხის პრინციპულობამ, შიგნით, თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია“.

ევროპის სარგებელი

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და აღნიშნა, რომ „ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან  მარტო და პირისპირ დარჩენა“. ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ „კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების გახსნა კი, ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონალურ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“. „რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ევროკავშირის წევრობის ხელშესახებ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ „ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას“ და რომ სტატუსის მინიჭებით, ევროპამ უთხრა საქართველოს, რომ ახლა მისი ევროპული მომავლისთვის მუშაობის გაგრძელების დროა.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უნდა დაემშვიდობოს „მანკიერი საბჭოთა წარსულის ყველაზე მახინჯ წარმონაქმნებს“ იმისათვის, რომ წინ წავიდეს ევროპულ გზაზე. ეს ნიშნავს „ძალაუფლების მოდელის გარდაქმნას და ევროპული მმართველობის მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს: თავისუფალ კონკურენციას, აზრთა მრავალფეროვნებას, კომპრომისებსა და ძალაუფლების გადანაწილებას, ხშირად კოალიციურ მთავრობას და ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალებს შორის, სულ მცირე, დიალოგი და ქვეყნის ინტერესების ირგვლივ  საერთო ენის გამონახვას“.

„2024 წლის ამოცანა ნათელია! ჩვენი მომავალი ჩვენ ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები „არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, და რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა“.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისადმი მიმართვა

ზურაბიშვილმა განსაკუთრებით გააკრიტიკა მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მას პრო-რუსულობასა და ანტი-ევროპულობაში დასდო ბრალი. „თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ  საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?“, – მიმართა პრეზიდენტმა კობახიძეს.  

მან ასევე ჰკითხა კობახიძეს წარმოადგენს თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლის ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; როგორ უზრუნველყოფს კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; გეგმას, სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემს საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ასევე როგორ დაუახლოვდება ქვეყანა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვა

პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა: „საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?“

პრეზიდენტის თქმით, რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, „ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის“. მისივე თქმით, საზოგადოება ივანიშვილისგან პასუხს ელოდება, „როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით, ან ასე ამბობთ, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ“.

ოპოზიციისადმი მიმართვა

სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ „დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია“. პრეზიდენტის თქმით, მართალია მისი საქმე არაა, რომ ოპოზიციას გაერთიანების ან დაშლისკენ მოუწოდოს, მაგრამ „გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას  უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა“.

„ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა“, – დასძინა მან.

რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავლისთვის და საზოგადოებას აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.  

დიასპორისადმი მიმართვა

პრეზიდენტმა დიასპორასაც მიმართა, რომელსაც „არანაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობის მიღება: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით“. მისი თქმით, „არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი“.

ახალგაზრდობისადმი მიმართვა

პრეზიდენტმა შეაქო ახალგაზრდობა, რომელსაც „დიდი წვლილი“ მიუძღვის შარშანდელ გამარჯვებაში („უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით) და აღნიშნა, რომ „ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება“.

„გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ თუ იმ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

2024 წლის არჩევნები

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად“. მისი თქმით, „დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტი ეტაპია და ამ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს ამ გადამწყვეტ პროცესში. „ამიტომ, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი“.

„ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება პრინციპული ლიდერი, რომელიც არც ერთ პარტიასთან არ იქნება აფილირებული, ექნება სტრატეგიული ხედვა და არა პოლიტიკური ამბიცია და პირადი ინტერესები, რომელიც „ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცავლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში“.  

„ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“

პრეზიდენტმა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით „ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის ინიციატივა გააჟღერა. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას“. ზურაბიშვილის თქმით, იგი აპირებს მოიწვიოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. „გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე  მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button